"წერტილი უნდა დაესვას კორუფციას და პოლარიზაციას", - ამის შესახებ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
მან სამი ძირითადი მიმართულება გამოყო, რაც ქვეყანაში შესაცვლელია, კერძოდ კორუფცია, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დახარისხება და შანტაჟი.
"კორუფცია, ანადგურებს და ჭამს ქვეყანას, ეკონომიკას, ინსტიტუციებს და ეს შესაცვლელია. ასევე არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დახარისხება და შანტაჟი, განსაკუთრებით ისეთი კატეგორიის ადამიანების, რომლებიც საგანმანათლებლო სფეროს წარმოადგენენ, რადგან მათი საქმე უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ გაზარდონ/აღზარდონ და მისცენ განათლება ახალგაზრდებს. ასევე უნდა დასრულდეს საზოგადოების პოლარიზება და დაპირისპირება“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება კითხვას, რა სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის, მისი მოსაზრებით, ეს არის კანდიდატის სტატუსი და არა მარტო: „საქართველოს ევროკავშირის ოჯახის წევრობა სჭირდება - მჯერა, 2023 წელს როდესაც დაგეგმილია ევროკავშირის გაფართოება, საქართველო იქ აუცილებლად მოხვდება“, - განაცხადა მან.