მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცესკო-ს 2026 წლის საბიუჯეტო ხარჯები ₾43.7 მლნ-ს შეადგენს - რაში დაიხარჯება?

შარაბიძე

ცესკომ 2026 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი წარადგინა – ბიუჯეტი 43.7 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისა აღნიშნა.

მისი თქმით, საბიუჯეტო ხარჯები პროექტის პირველად ვერსიასთან შედარებით შემცირებულია და ჯამში 43 745 000 ლარს შეადგენს, რაც 7 135 000 ლარით ნაკლებია დადგენილ საბიუჯეტო ჭერზე. უფრო კონკრეტულად, შემცირებულია ხარჯები ინფრასტრუქტურული პროექტების, ტრენინგებისა და შრომის ანაზღაურება და ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხარჯები, რამაც 7 მლნ ლარის ოდენობით თანხები დააზოგინა.

“კოდექსის თანახმად, საბიუჯეტო განაცხადი თავდაპირველად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ იქნა მიღებული, ჯამურად 50 745 000 ლარს შეადგენდა, რაც მაშინდელ განსაზღვრულ ჭერზე უკვე ნაკლები იყო და შესაბამისად, მაშინვე შეადგენდა დადგენილ ჭერის მონაცემებს. თუმცა უწყებებთან გარკვეული კომუნიკაციის შემდეგ, გარკვეული პროექტები გადაიდო და გარკვეული ხარჯები შემცირდა.

მაგალითისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტები სხვა წლებისთვის გადაიდო და გაიწერება სხვა წლების ბიუჯეტში. ასევე, შემცირდა ხარჯები ტრენინგებში, მივლინებებში, რაც მთავარია შრომის ანაზღაურების ხარჯები. ასევე, შემცირდა შრომითი ხელშეკრულებებით დასასაქმებელი პირების ხარჯები და საბოლოო ჯამში, ამ შემცირებამ შეადგინა 7 მლნ ლარის ოდენობის თანხა. სულ დღეისთვის შემიძლია წარმოგიდგინოთ საბოლოო მონაცემი, რაც შეადგენს 43 745 000 ლარს, რომელიც 7 135 00 ლარით ნაკლებია დადგენილ ჭერზე”, - ამბობს გიორგი შარაბიძე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბიუჯეტიდან ხარჯებზე თანხების განაწილებაზე ისაუბრა:

“უფრო კონკრეტულად, საარჩევნო გარემოს განვითარებისთვის, ცესკო-ს აპარატისთვის განსაზღვრულია 33 077 000 ლარი. რაც წარმოადგენს საერთო ბიუჯეტის 76%-ს და ცხადია, ის მოხმარდება აპარატის ფუნქციონირებას. თქვენ კარგად იცით, რომ ტექნოლოგიური საშუალებებით ჩატარდა წინა არჩევნები და ჩატარდება წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. ამ ტექნოლოგიებს ცხადია შესაბამისი დასაწყობება, მოვლა სჭირდება და ძალიან ბევრი ისეთი პარამეტრები, რაც აუცილებელია ტექნოლოგიების იმ დონეზე შესანარჩუნებლად, რომ საქართველოს საარჩევნო საჭიროებებს შემდგომში ძალიან ბევრი წელი მოემსახუროს. ამასთან, ცხადია, არ უნდა დავივიწყოთ უწყვეტი ტრენინგის საჭიროება, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის აუცილებელია და ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. იმიტომ, რომ ყოველი ახალი არჩევნები არის ახალი გამოწვევა. ჩვენ, წელს თვითმმართველობის საერთო არჩევნები გვექნება და ცხადია, ნასწავლი გაკვეთილებიდან გამომდინარე, გვექნება დაგეგმილი შესაბამისი ტრენინგ - პროექტები, რომელიც მოხმარდება შიდა ინსტიტუციურ განვითარებას.

მეორე, რაც არის საარჩევნო ინსტიტუციის განვითარების და სამოქალაქო ინსტიტუციის ხელშეწყობას ეხება. ძირითადად, ეს გახლავთ ჩვენი სსიპ-ის სწავლების ცენტრის ხარჯები, რომელიც 1 696 000 ლარია. ეს თანხა საერთო ბიუჯეტის 4%-ს წარმოადგენს. ასევე მესამე საკითხი, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაა, რომელიც კანონით განსაზღვრულია. რომ ჩვენ გავცემთ ამ თანხებს, თუმცა არანაირი როლი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გარდა იმისა, რომ ეს თანხა გაატაროს და შესაბამის ბენეფიციარ პოლიტიკურ პარტიასთან მიიტანოს, არ აქვს. შესაბამისად, ეს ერთგვარად დაცული თანხაა, რომელიც კანონით პოლიტიკურ პარტიათა შესახებ არის დადგენილი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად. ამაზე გათვალისწინებულია 8 972 000 ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 20%-ს წარმოადგენს”, - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ და დასძინა, რომ წელს, 2026 წელს საშტატო და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირების რაოდენობა არ არის განსაზღვრული. ამრიგად, არსებული რაოდენობა მომავალ წელს შენარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები