ნავთობის ფასები თითქმის 15%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს ღამით გამოაცხადა, რომ შტატებმა, ისრაელმა და ირანმა ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს.
Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 93 დოლარს მიაღწია, ხოლო აშშ-ის ნავთობის ფიუჩერსები (WTI) ბარელზე 95 დოლარამდე დაეცა. კლების მიუხედავად ფასები ომის დაწყების დროინდელ ნიშნულზე გაცილებით მაღალია.
ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა თებერვლის ბოლოს ირანს დაარტყეს, რამაც ხუთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი გამოიწვია. ჰორმუზის სრუტის შეფერხებებმა, რომლის გავლითაც გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მეხუთედი ტრანსპორტირდება, გლობალური ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია.
როგორც ირკვევა, აშშ-ის, ისრაელის და ირანის ორკვირიანი ზავი ითვალისწინებს 14 დღით ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას და ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის შეჩერებას.




























