კომპანია “ელპლუსი”, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს და, 20 წელია, სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ინოვაციურ ტექნოლოგიებს ნერგავს.
კომპანიის საქმიანობა მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოებით არ შემოიფარგლება. რამდენიმე წლის წინ “ელპლუსმა” დეველოპერულ ბაზარზე მნიშვნელოვანი დანაკლისი აღმოაჩინა, რამაც კომპანიას სერვისების განვითარებისა და სრული საინჟინრო მომსახურების დანერგვისკენ უბიძგა. სწორედ ამიტომ, “ელპლუსი” დამკვეთს MEP პროექტირებას სთავაზობს, რაც, თავის მხრივ, მექანიკური, ელექტრო და წყალგაყვანილობების სრულ სერვისს ითვალისწინებს. შესაბამისად, “ელპლუსის” მიერ საინჟინრო მომსახურების დანერგვა თანხვედრაშია ქართული დეველოპერული სექტორის განვითარების ტემპთან და ბაზრის ტენდენციებთან.
“რამდენიმე წლის წინ უკვე დავინახეთ, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად ვითარდება დეველოპერული სექტორი, განსაკუთრებით კი ლოგისტიკური მიმართულება. საქართველო დღეს ერთგვარ “ლოგისტიკურ ჰაბად” ყალიბდება, რაც ქვეყანაში სასაწყობე მეურნეობების მოწყობაზე ზრდის მოთხოვნას და, შესაბამისად, ისეთი მომიჯნავე სექტორების განვითარებას უწყობს ხელს, როგორიც ჩვენი სფეროა. სწორედ ამ განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, სახანძრო უსაფრთხოების სისტემებთან ერთად, დამკვეთისთვის სრული საინჟინრო მომსახურება, MEP პროექტირება შეგვეთავაზებინა”, - განმარტავს კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორი, ვაკო საღირაშვილი.
სწორად დაპროექტებული საინჟინრო სისტემები შენობა-ნაგებობის ხანგრძლივ ექსპლუატაციას უზრუნველყოფს. “ელპლუსი” დამკვეთს “ერთი ფანჯრის” პრინციპით სწორედ ამ მომსახურებას სთავაზობს: მშენებლობის დაწყებამდე კომპანია დამკვეთის არქიტექტურულ ჯგუფთან ერთად მუშაობს, ათანხმებს კონცეფციას, რის შემდეგაც სრულ საინჟინრო მომსახურებასაც თავის თავზე იღებს. წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე, სავენტილაციო, გათბობა-გაგრილების სისტემების ინსტალაციის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ჩატარებისა და სახანძრო უსაფრთხოების გამართვის შემდეგ, შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე ორიენტირდება და შესაბამის სისტემებს საზედამხედველო უწყებებს ყველა რეგულაციის დაცვით აბარებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია საკუთარ სერვისებს საქართველოში წარმოებული კომპონენტებით ავითარებს. 2021 წელს “ელპლუსმა” ახალი საწარმო გახსნა, სადაც, საქართველოში პირველად, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის, ცეცხლმაქრების, სახანძრო კარადებისა და ცეცხლგამძლე კარების წარმოება დაიწყო.
“2021 წელს ავამოქმედეთ ქვეყანაში პირველი ქარხანა, სადაც ქართული სახანძრო ინვენტარი იწარმოება. ყველაფერი ევროპული ნორმების სრული დაცვით იქმნება. სერვისების დივერსიფიკაციასთან ერთად, ამავე ქარხანაში დავიწყეთ სასაწყობე მეურნეობისთვის საჭირო მეტალის კომპონენტების, სასაწყობე სტელაჟების და კარადების წარმოება, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, ჩავანაცვლეთ იმპორტული პროდუქცია და დამკვეთს, უცხოურთან ერთად, ადგილობრივი წარმოების ინვენტარს ვთავაზობთ თავიანთი ნაგებობებისთვის”, - განმარტავს ვაკო საღირაშვილი.
20-წლიანმა გამოცდილებამ, მაღალხარისხიანმა მომსახურებამ და სერვისების დივერსიფიკაციამ “ელპლუსი” ქართულ ბაზარზე გამორჩეულ კომპანიად აქცია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაში მონაწილე წამყვანი ბრენდები ენდობიან. ასეთი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია “ჰორიზონტ ჯგუფთან” განხორციელებული სხვადასხვა პროექტები, რაც “ელპლუსის” მიერ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათეული სასაწყობე სივრცის პროექტირებასა და საინჟინრო სისტმების ინსტალაციების მომსახურებას ითვალისწინებს. კერძო სექტორთან თანამშრომლობასთან ერთად, “ელპლუსის” მაღალ კვალიფიკაციას ადასტურებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მუშაობაც.
“აქტიურად ვთანამშრომლობთ დეველოპერულ და სტუმარ-მასპინძლობის სექტორთან და, რაც მთავარია, მონაწილეობას ვიღებთ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობაშიც. ჩართულები ვართ ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის საინჟინრო დაგეგმარებაში, რაც, დღესდღეობით საქართველოში, შეიძლება ითქვას, ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი წამოწყებაა”, - აღნიშნავს “ელპლუსის” ბიზნესის განვითარების დირექტორი.
დღეს კომპანიის პორტფოლიო საქართველოში 1000-ზე მეტ განხორციელებულ პროექტს აერთიანებს, რომელთა ჯამური ფართობიც რამდენიმე მილიონ კვადრატულ მეტრს აღემატება. კომპანიის 20-წლიან გამოცდილებას თან სდევს კომპეტენცია, რაც საერთაშორისო ბრენდებთან - Bosch, Inim, Securiton, Bristol, Viking, wolf, და სხვა - თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
კომპანიის სამომავლო გეგმებში სერვისების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება, “ელპლუსის” წარმადობის ზრდა და ქართული სახანძრო ინვენტარის ექსპორტზე გატანა მოიაზრება.