მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიაღის სექტორში მსხვილი ინვესტორებისთვის აუქციონები დამატებითი ბარიერია - მაია ზავრაშვილი

მაია ზავრაშვილი

წიაღის სექტორში აუქციონები მსხვილი ინვესტორებისთვის დამატებითი ბარიერია - წიაღის სექტორში მომუშავე ბიზნესი ლიცენზიების გაცემის წესის ცვლილების საჭიროებას ხედავს.

Colliers Georgia MMS-ს მმართველი პარტნიორი მაია ზავრაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით, თუკი მინერალური რესურსების სააგენტო უფრო თამამ ნაბიჯებს გადადგამს და აუქციონების სისტემა გაუქმდება უკეთესი იქნება.

„ბევრ ქვეყანაში, ბევრ იურისდიქციაში აუქციონები არც გვხვდება. განსაკუთრებით ისეთი ტიპის საქმიანობაზე, როგორიც წიაღით სარგებლობაა, სადაც ისედაც მაღალი საინვესტიციო რისკებია და კიდევ დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერები არც ერთი ინვესტორისთვის, არც ერთი სერიოზული კომპანიისთვის საინტერესო არ არის. საერთოდ თუ გაუქმდება ეს აუქციონები კიდევ უფრო მისასალმებელი იქნება“, განაცხადა მაია ზავრაშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას, სადაც მინერალური რესურსებს სააგენტოს ახალ ინიციატივაზე იმსჯელეს, რომელიც აუქციონების სისტემის გამარტივებას გულისხმობს.

მაია ზავრაშვილი მიიჩნევს, რომ არის გარკვეული რესურსი ( მაგ. ქვიშა-ხრეში), სადაც შედარებით მაღალი მოთხოვნაა და აქ შეიძლება გარკვეული მექანიზმები არსებობდეს, თუმცა მსხვილი პროექტებისთვის, რომელთა რაოდენობა არც ისე დიდია აუქციონით ბარიერის შექმნა არასერიოზულია.

Colliers Georgia MMS-ს მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ სასურველი იქნებოდა ადმინისტრაციული მექანიზმების გამარტივება და ვადების მკაფიოდ, დრამატულად შემცირება, რაც სექტორში ბიზნესს საქმიანობას გაუმარტივებდა.

„ჩემი აზრით, კარგი იქნება მეტი მოქნილობის შეთავაზება ბიზნესისთვის, მეტი ინფორმაციის გახსნა, პროაქტიური მუშაობა და ბარიერების გამარტივება, რომ უფრო თავისუფლად შემოვიდნენ ბაზარზე, დაიწყონ საქმიანობა და განვითარდნენ. ბიზნესის გადასახედიდან, პირველ რიგში, ჩემთვის სასურველი იქნებოდა ადმინისტრაციული მექანიზმების გამარტივება და ვადების მკაფიოდ, დრამატულად შემცირება. არის გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება ერთ კვირაში იყოს მიღებული და რომელიც სამწუხაროდ ძალიან გახანგრძლივებულ პერიოდში მიიღება. ამასთან, არის გადაწყვეტილებები, რომელიც უნდა მიიღებოდეს ცენტრალიზებულად და არ არის საჭირო აქ დამატებითი რგოლების შემოყვანა. ამ ტიპის მექანიზმების გამარტივება დააჩქარებს საქმიანობის დაწყების პროცესს და გაამარტივებს ცხოვრებას ბიზნესისთვის“, - აღნიშნავს მაია ზავრაშვილი.

მისი თქმით, ყველაზე მეტად გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მუნიციპალურ ორგანოებში ფერხდება, რაც ღიად უნდა ითქვას და ამ კუთხით მნიშვნელოვანია გარკვეული მექანიზმების შემუშავება. მათ შორის, თუ პასუხი დათქმულ ვადაში არ გაიცემა ის დადებით პასუხად იყოს მიჩნეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები