მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიაღის მოპოვებისთვის ლიცენზიების გაცემის დაჩქარება იგეგმება - როგორ აფასებს ინიციატივას კერძო სექტორი?

რეფორმა

მთავრობა წიაღის მოპოვებისთვის ლიცენზიების გაცემის დაჩქარებას განიხილავს. მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტომ უკვე შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც არამიზნობრივი დროის ოპტიმიზაცია სურს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში შეიქმნება სამართლებრივი მექანიზმი, რითაც ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული პირები შეძლებენ ლიცენზია მიიღონ უფრო მოკლე ვადაში, ვიდრე ეს მოქმედი რეგულაციებით არის შესაძლებელი. კერძოდ, ლიცენზიის გამცემი თავად განსაზღვრავს რამდენი დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია აუქციონის ჩატარებაზე. ასეთი ინფორმაცია კი, e-auction.ge-ს ვებგვერდზე ან სხვა საშუალებებით გავრცელდება.

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო იმედოვნებს, რომ ამ გზით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების რაოდენობა გაიზრდება, რაც გაზრდის როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს.

ცვლილებებს იწონებს ბიზნესიც. Colliers Georgia MMS-ს მმართველი პარტნიორი მაია ზავრაშვილი „საქმის კურსთან“ ამბობს, რომ დღეს მოქმედი რეგულაციები პროცესებს აფერხებს.

“მე ამოვიკითხე, რომ მივდივართ პროცესის გამარტივებისკენ. ამ დრომდე აუქციონის ვადები საკმაოდ მოუქნელი იყო - 2 კვირა, 1 თვე და ამ ცვლილებებით სააგენტოს საშუალება ექნება უფრო მოქნილი გახადოს სისტემა. ეს ბიზნესის გადმოსახედიდან არის ნაკლები ბიუროკრატია, მოქნილობაა ვადებში რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბიუჯეტო სახსრების გენერირება. ბიუჯეტში 1 თვით ადრე შევა შემოსავალი თუ გვიან ეს დიდად მტკივნეული არ არის, თუმცა 1 თვე დიდი მოცდის პერიოდია ბიზნესისთვის “, - ამბობს მაია ზავრაშვილი.

Colliers Georgia MMS-ს მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ თუკი სააგენტო უფრო თამამ ნაბიჯებს გადადგამს უკეთესი იქნება და მისასალმებელი იქნება თუკი აუქციონების სისტემა გაუქმდება.

„კიდევ უფრო შორის თუ წავა ინიციატორი კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება. თვითონ ეს აუქციონი ქართული know-how-ა. ბევრ ქვეყანაში, ბევრ იურისდიქციაში არც გვხვდება. განსაკუთრებით ისეთი ტიპის საქმიანობაზე, როგორიც წიაღით სარგებლობაა, სადაც ისედაც მაღალი საინვესტიციო რისკებია და კიდევ დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერები არც ერთი ინვესტორისთვის, არც ერთი სერიოზული კომპანიისთვის საინტერესო არ არის. საერთოდ თუ გაუქმდება ეს აუქციონები კიდევ უფრო მისასალმებელი იქნება“, - აცხადებს მაია ზავრაშვილი და აღნიშნავს, რომ არის გარკვეულ რესურსზე (მაგ. ქვიშა-ხრეში) შედარებით მაღალი მოთხოვნა და აქ შეიძლება გარკვეული მექანიზმები არსებობდეს, თუმცა მსხვილი ინვესტორებისთვის, რომელთა რაოდენობა არც ისე დიდია აუქციონით ბარიერის შექმნა არასერიოზულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები