მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია “Georgian Mining Products”  წიაღის სექტორის გაციფრულებაზე მუშაობს

GMP Mining

რამდენიმე თვის წინ სამთო-მოპოვებით მრეწველობის სექტორში ახალი კომპანია, Georgian Mining Products ამოქმედდა, რომელიც, ადგილობრივი რესურსების გამოყენებით, ნედლეულის გადამუშავებაზე, წარმოებასა და კომერციალიზაციაზეა ორიენტირებული. კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე მისი პარტნიორი, მაია ზავრაშვილი, საუბრობს.

როგორც მან BMG-ს განუცხადა, GMP-ს უკვე აქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი.

“კომპანიის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებით არის ფოკუსირებული. ეს არის სამთო მოპოვებითი სექტორი, წარმოება და კომერცია. ამ მიმართულებით GMP-ის მიმდინარე ეტაპზე აქვს რამდენიმე მიზნობრივი პროექტი, რაზეც წარდგენილია განაცხადები და ველოდებით შემხვედრ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ორგანოებიდან (რა შემთხვევებშიც ეს გვჭირდება).

ამოცანაა, რომ განვავითაროთ ის პროექტები, სადაც ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენებით შესაძლებელია შეიქმნას დამატებითი ღირებულება, მოხდეს ნედლეულის გადამუშავება და ეკონომიკურ ბრუნვაში დროული ჩართვა. მოლოდინი გვაქვს რომ მათი განვითარება სასარგებლო იქნება როგორც კომპანიის კერძო ინტერესებისთვის, ისე ზოგადად ამ სექტორისთვის”, - ამბობს მაია ზავრაშვილი.

მისი თქმით, Georgian Mining Product წიაღის სექტორის გაციფრულებაზე მუშაობს და ბაზრის მოთამაშეებს ახალ, ინოვაციურ პლატფორმას, ე.წ. Marketplace-ს სთავაზობს.

“ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაეშვება, იქნება 

ინოვაციური, ციფრული პლატფორმა, რომელიც ქართველ მწარმოებლებს, ბაზრის მოთამაშეებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან დააკავშირებს და შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ერთი მაღაზიის პრინციპით, განსხვავებული სახეობისა, სპეციფიკისა და ფასის მქონე პროდუქტების ონლაინ კომერციისთვის. ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი არამხოლოდ ადგილობრივი ბაზრის პერსპექტივით”, - ამბობს მაია ზავრაშვილი.

კითხვაზე, რა პოტენციალი აქვს ქართული წიაღისეულს სექტორს, ზავრაშვილი აღნიშნავს, რომ, მიუხედავად რესურსული შესაძლებლობებისა, ამ ბაზარზე ბიზნესის ოპერირება რისკიანი საქმიანობაა.

“წიაღის სექტორში ვხედავთ პერსპექტივას, ნამდვილად გვაქვს საინტერესო შესაძლებლობები, თუმცა მხოლოდ რესურსული შესაძლებლობები არ არის საკმარისი. ბევრი კომპონენტი მოქმედებს, რაც ინვესტორს უჩენს ან ართმევს ბიზნესის კეთების სურვილს ამ მიმართულებით. ჩვენთვის, როგორც ახალი მოთამაშისთვის, მნიშვნელოვანია გვქონდეს ბიზნესპროცესებისთვის განჭვრეტადი გარემო, მოქნილი და ეფექტიანი ადმინისტრაციული სისტემით. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მეწარმისთვის და უფრო მეტად ისეთ რისკიან ბიზნესში როგორიც სამთო-მოპოვებითი სექტორია”, - აღნიშნავს მაია ზავრაშვილი.

ცნობისთვის, Georgian Mining Product რამდენიმე თვის წინ სრულად ქართული ინვესტიციით შეიქმნა. კომპანიის პარტნიორი საინვესტიციო მოცულობას არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ, მას შემდეგ, რაც კომპანიის პორტფელში მზარდი და პროგნოზირებადი განვითარების მქონე ბიზნესპროექტები აღმოჩნდება, GMP უცხოელი ინვესტორების მოზიდვაზე იზრუნებს.

რაც შეეხება საქართველოს წიაღის სექტორს, მას ერთ-ერთი წამყვანი როლი უჭირავს ქვეყნის ეკონომიკაში. საქსტატის ინფორმაციით, გასულ 2022 წელს სამთო-მოპოვებითი მრეწველობა რიგით მეოთხე ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იყო.  საქართველოს მყარი მინერალური რესურსების ფონდი 960 საბადოს მოიცავს, რომელთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საბადოთა რიგს განეკუთვნება ჭიათურის მანგანუმისა და მადნეულის პოლიმეტალური საბადოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები