მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გახდის წიაღის სექტორს უფრო მიმზიდველს ინვესტორებისთვის? - მაია ზავრაშვილის მოსაზრება

64007c6997001
ელენე გოგბერაშვილი
02.03.23 22:30
1037
ბიზნესი წიაღის რეფორმის მეორე ფაზის მოლოდინშია. რეფორმის განხორციელება ინვესტორთა საბჭოს 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაშიც შედის. “საქართველოს სამთო სექტორში ინვესტიციების გასაძლიერებლად, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მოდერნიზება. რეფორმამ უნდა გააუმჯობესოს სექტორში პოლიტიკა და დაინერგოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა საქართველოში“, - წერია ინვესტორთა საბჭშოს სამოქმედო გეგმაში.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რეფორმის მეორე ფაზა, რომელიც სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას მოიცავს, მიმდინარეობს, თუმცა ის ისურვებდა, ამ მიმართულებით ტემპი დაჩქარდეს.

„კარგი იქნება თუ ტემპები გაიზრდება იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა და ბიზნეს ჰქონდეს მეტი სტაბილურობა, მეტი პროგნოზი ამ მიმართულებით, თუ რა რეგულაციები იქნება შემოღებული, რა სიახლეები იქნება კანონმდებლობაში და ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანმა ორგანოებმა დროულად და კომპეტენტურად უზრუნველყონ ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანა“,-აცხადებს ზავრაშვილი.

მისი თქმით, რეფორმის პირველ ეტაპზე მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი ანუ წიაღის სექტორის სტრატეგია, რომელიც დამტკიცდა 2019 წელს და მოიცავს ძირითადად ისეთ თემატიკას, როგორიც არის სალიცენზიო რეჟიმის გადახედვა, მონაცემების ახლებურად მართვის მეთოდის დანერგვა, ფისკალური სარგებლიანობის ოპტიმიზაცია და სხვა.

„ეს არის ის პოლიტიკის გზავნილები, რომელიც უნდა კონვერტირდეს ახალ სამართლებრივ ჩარჩოში და შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საქართველოს იურისდიქციას წიაღის სფეროში გახდის ბევრად მიმზიდველს ინვესტორებისთვის და გააუმჯობესებს ამ ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობს“,-აცხადებს სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი.

იმისათვის, რომ საქართველოს წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის, ზავრაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია ქვეყანას გააჩნდეს სხვა უპირატესობები, რომელიც სხვა ბაზრებისგან გამოარჩევს. ამ პროცესში სააგენტოს ყოფილი უფროსი სახელისუფლებო რგოლსა და ბიზნეს შორის აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ჩვენი რესურსული პოტენციალიდან გამომდინარე, იმ მასშტაბის და ხარისხის მადნები არ გვაქვს, რომლითაც ბევრად საინტერესო ბაზრებს გავუწიოთ კონკურენციას, როგორიცაა სამხრეთ ამერიკა, აფრიკა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს დამატებითი უპირატესობები, რის გამოც ინვესტორს გაუჩნდება სურვილი საქართველოში, საქართველოს იურისდიქციაში მოახდინოს წიაღის აქტივების განვითარება და მნიშვნელოვანია გაიზარდოს მათი ინტერესი საქართველოში არსებული პოტენციალის მიმართ. აქ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის პროაქტიული გახსნა, გასაჯაროება. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არის მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესმა მიიღოს პირველადი გეოლოგიური ინფორმაცია, რის საფუძველზე ჩაატარებენ უფრო დეტალურ კვლევებს და შემდეგ უკვე დაგეგმავენ საქმიანობას.

მთავარი, რაც ამ ახალმა მარეგულირებელმა ჩარჩომ უნდა უზრუნველყოს ეს არის განჭვრეტადი სამართლებრივი გარემო. ბიზნესმა უნდა იცოდეს, რა წესებით, რა თამაშის პირობებში მოუწევთ მათ საქართველოში შემოსვლა. ბოლო წლების FDI-ის სტატისტიკა არ არის ამ სექტორში სახარბიელო. შემცირებულია და მნიშვნელოვანია დამატებითი ხელშეწყობის მექანიზმები ამოქმედდეს, რომ გაიზარდოს ინტერესი საქართველოს მიმართ, პერსპექტიული სამთო ბაზრის მიმართ და დაიხვეწოს ადმინისტრაციული - ბიუროკრატიული მექანიზმები, რაც დღეს არსებობს.

მნიშვნელოვანია შემოვიტანოთ დროზე ადრე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, როგორც საბოლოო, ისე შუალედური გადაწყვეტილებები, ეს კავშირი ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის უფრო აქტიური უნდა იყოს. საჭიროა დისკრეციული გადაწყვეტილებების ჩარჩოს განსაზღვრა, შეიძლება ითქვას შეზღუდვაც კი, ასევე გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის განცდა, რომ ბიზნესმა იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს მის შესახებ სახელმწიფო თუ აკმაყოფილებს კონკრეტულ განაცხადს, რა საფუძვლით, თუ არა მაშინაც რა საფუძვლით, რომ მას ჰქონდეს პრეტენზიის წარდგენის ან თავისი ინტერესების დაცვის საშუალება“,- აცხადებს მაია ზავრაშვილი.

ის ისურვებდა ბიზნესსა და სააგენტოს შორის კომუნიკაციის ხარისხი კიდევ უფრო მაღალი იყოს.

„მნიშვნელოვანია ბიზნესს ჰქონდეს ბევრად ხელშემწყობი გარემო, ბიზნესის კეთების სიმარტივე ბიზნესის რეგისტრაციას არ გულისხმობს, მნიშვნელოვანია შემდგომი ზრუნვა ინვესტორებზე“, - ამბობს მაია ზავრაშვილი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები