მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრულ ნომადებს ესპანეთში ცხოვრებისთვის €15 000-ს გადაუხდიან

ვიზა

"ციფრულ ნომადებს", ანუ ადამიანებს, რომლებსაც მუშაობა დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა აღარ სწყალობთ - ბევრი ფიქრობს, რომ ციფრული მომთაბარეების ჩამოსახლებით ქვეყანაში იზრდება უძრავი ქონების ღირებულება და სხვა საცხოვრებელი ხარჯები, ადგილობრივი მოსახლეობა კი უმცირესობაში გადადის.

თუმცა ესპანეთის ერთ-ერთი რეგიონი დისტანციურად მომუშავე ნომადების მისაღებად მზადაა და ამისთვის გრანტებსაც გასცემს.

ექსტრემადურა - პორტუგალიის საზღვართან ახლოს მდებარე რეგიონი - ერთ-ერთია იმ მიმართულებებს შორის, რომლებიც ტურისტული პოპულარობით არ გამოირჩევიან, მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტებისა და მდიდარი კულტურის მიუხედავად. სწორედ ამიტომ, რეგიონული მთავრობა ციფრულ ნომადებს ექსტრემადურაში დამკვიდრებისთვის 15 000-მდე ევრომდე გრანტს სთავაზობს.

რეგიონი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული პუნქტია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი მშპ და 17.6%-იანი უმუშევრობის დონეა - ეროვნულ საშუალოსთან შედარებით თითქმის 6 პროცენტული პუნქტით მაღალი.

სწორედ ამიტომ, როგორც მოსახლეობის, ისე ეკონომიკის გაზრდისთვის, ადგილობრივი უწყებები ბიუჯეტიდან 2 მილიონ ევროს გამოყოფენ, რათა ექსტრემადურაში 200-მდე ციფრული ნომადი მოიზიდონ.

ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ნომადები ცხოვრების დაბალი ხარჯებითაც ისარგებლებენ. დედაქალაქთან შედარებით, რეგიონში კვება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კომუნალურები და სხვა ხარჯები 30%-ით უფრო იაფი ჯდება.

ექსტრემადურას სამიზნე აუდიტორია ტექნოლოგიური ინდუსტრიის მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან. აპლიკანტებს უნდა შეეძლოთ, რომ საკუთარი სამუშაო სრულად დისტანციურად, ონლაინ პლატფორმებისა და სხვა IT სისტემების დახმარებით შეასრულონ. გრანტის მიღების მსურველი მზად უნდა იყოს, რომ ესპანეთის ამ რეგიონში საცხოვრებლად მინიმუმ 2 წლით დარჩეს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ესპანელს, თუ მათ ექსტრამედურაში ბოლო 6 თვის განმავლობაში არ უცხოვრიათ. რაც შეეხებათ უცხოელებს, მათ ესპანეთში ცხოვრების უფლება და უცხოური საიდენტიფიკაციო ნომერი დასჭირდებათ.

იმისთვის, რომ სქემაში მიიღოთ მონაწილეობა, ციფრული ნომადის ვიზა ესპანურმა უწყებებმა უნდა დაადასტურონ.

რაც შეეხება დაფინანსებას, პროგრამის თანახმად, ქალები და 30 წელს ქვემოთ ახალგაზრდები, ექსტრემადურაში გადასვლისთვის 10 000 ევროს მიიღებენ, სხვა შემთხვევაში კი - 8000 ევროს. 2 წლის გასვლის შემდეგ კი თუ ესპანეთის ამ რეგიონში დარჩენას გადაწყვეტთ, დამატებით 4 000-5 000 ევროს მიიღებთ.

სარგისტრაციო ფორმის შევსება და პროგრამაზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ონლაინ არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები