მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი მიიჩნევს, რომ მათ მიერ დაანონსებული ტრანსპორტის გადაადგილების ცვლილება ბიზნესს ხარჯს არ გაუზრდის.
საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც 2024 წლის იანვრიდან ქალაქის გარკვეულ ნაწილში დიდი გამავლობის მანქანების მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამით ქალაქი საცობებისგან განიტვირთება.
“ბიზნესთან კომუნიკაცია გვაქვს, რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა ბიზნეს ასოციაციასთან. ხარჯის ზრდა რა თქმა უნდა, არ იქნება. გარკვეულ უმნიშვნელო ჩარევაზე იქნება საუბარი, რადგან ეს ქალაქის მთელ ტერიტორიას არ მოიცავს და დერეფანი იქნება დატოვებული, სადაც გადაადგილება შეეძლებათ. ამას გარდა, შეზღუდვა დღის სრულ მონაკვეთს არ მოიცავს და აქ საუბარია მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც მაღალი მობილობაა. ხშირ შემთხვევაში, ერთი კონკრეტული ადგილი იწვევს მთლიანი ქალაქის პარალიზებას და ჩვენი დაკვირვებით ყველაზე დიდი დაწოლა ავტოსაგზაო შემთხვევების ან თუნდაც ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებზე მოდის. მათი გაყვანაც პრობლემაა და საცობი გვაქვს იმიტომ, რომ სადღაც ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილია გაჩერებული",
წილოსანი თვლის, რომ შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ M2 და N1 კატეგორიის ტრანსპორტის რაოდენობა არ გაიზრდება. რაც შეეხება სამშენებლო სექტორს, მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ამბობს, რომ მათთან კომუნიკაცია ექნებათ და შეჯერებულ პოზიციას მოგვიანებით წარადგენენ.
წილოსანმა ასევე თქვა, რომ კომუნიკაცია ჰქონდათ დისტრიბუტორთა ასოციაციასთანაც.
“მეტი აქტიური არ ვიცით. ასოციაციის თავმჯდომარე და მათ შორის სადისტიბუციო კომპანიები ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. მათი მხრიდან დასახელებული არსებითი პრობლემები, რომელიც არგუმენტირებული იყო და გათვალისწინებულია. არა მხოლოდ ისინი, არამედ ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და ყველა ხედავდა, რომ ჩვენ კონსტრუქციულები და მოტივირებულები ვიყავით, რომ ეს პროცესი ბიზნესისთვის დამაზიანებელი არ ყოფილიყო", - ამბობს წილოსანი.