მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წინა კვირასთან შედარებით საავიაციო საწვავი გაიაფდა, მაგრამ წლიურ ჭრილში ფასი გაორმაგებულია

ავიასაწვავი

საავიაციო საწვავზე ფასი წინა კვირასთან შედარებით 7%-ით შემცირებულია, თუმცა ისევ მაღალ ნიშნულზე რჩება. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, კვირის საშუალო ფასი ბარელზე 185 დოლარს შეადგენს. თუმცა რეგიონულ ჭრილში საწვავის ფასი განსხვავდება და ევროპაში ბარელის ფასი 188 დოლარს აღწევს, ახლო აღმოსავლეთში 198 დოლარი, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში 167 დოლარი.

წლიურ ჭრილში საავიაციო საწვავზე ფასი გაორმაგებულია. ფასის უპრეცედენტო ზრდამ გლობალურ ავიაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.

მაღალ ფასზე კომენტარი გააკეთა IATA-ს ხელმძღვანელმაც და თქვა, რომ საწვავის გლობალური ნაკადების აღდგენას თვეები დასჭირდება მაშინაც კი, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს დღესვე გახსნის.

„სრუტე რომც გაიხსნას და ღიად დარჩეს ვფიქრობ, მაინც რამდენიმე თვე იქნება საჭირო მიწოდების იმ ნიშნულამდე დასაბრუნებლად, რომელიც აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების შეფერხების ფონზე. ეს რეგიონი კრიტიკულ როლს ასრულებს ნავთობპროდუქტების, მათ შორის საავიაციო საწვავის, გლობალურ მიწოდებაში“, - განაცხადა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ვილი უოლშმა.

დღეს, 22 აპრილს, ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანული Lufthansa, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაკომპანია, 2026 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით 20 ათას რეისს გააუქმებს.

კომპანიამ ეს გადაწყვეტილება საავიაციო საწვავის ეკონომიის მიზნით მიიღო. ეკონომია საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ისრაელის და ირანის სამხედრო დაპირისპირებამ გაართულა მსოფლიო ბაზრისთვის საწვავის მიწოდება, ამან კი ფასი გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები