ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის მაღალ დონეზე მიწვევისას წინაპირობების დაყენება მეგობრულ ურთიერთობაში არ ჯდება.
„სამწუხაროა, რომ ასეთი ინტერპრეტაციით გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ როგორც ელჩთან ქვეყანაში, ისე ჩვენს პარტნიორებთან ამერიკაში სასაუბროდ. ამ დღეებშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იმყოფებოდა აშშ-ში და ჰქონდა შეხვედრა, როგორც კონგრესში და სენატში, ისე სახელმწიფო დეპარტამენტში. თუმცა როდესაც ასეთ მაღალ დონეზე ხდება მოწვევა პრემიერ-მინისტრის და ხდება წინაპირობების დაყენება, ეს არ ჯდება იმ სულისკვეთებაში, რომელიც პარტნიორობას უნდა ახასიათებდეს, კერძოდ, ნდობით ურთიერთობას, და იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.