პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყნებს თანაბარი ხმის უფლებას აძლევს და მასში გაწევრიანება სუვერენიტეტის დაკარგვას არ უნდა იწვევდეს - ამის შესახებ პაპუაშვილმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდბერგისის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა. ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობა გარკვეულ დათმობებზე წასვლას, მათ შორის სუვერენიტეტის ნაწილის დათმობასაც ნიშნავს.
“ევროკავშირში - როგორც ნებისმიერი კავშირისა და ერთიანობის წევრობა, იქნება ეს ევროსაბჭო თუ სხვა - სახელმწიფო როდესაც წევრიანდება, იქ ის საერთო გადაწყვეტილებების პრინციპში მონაწილეობს. როგორც იცით, ევროკავშირში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით, იქ მორჩილება კი არ არის, იქ ყველას აქვს ხმა და გადაწყვეტილებები როდესაც მიიღება, ჩვენც გვექნება ხმა.
და ჯერ რომ არ ვართ ევროკავშირის წევრი, წინსწრებით ნურავინ მოგვთხოვს სუვერენიტეტის დაკარგვას. ავანსად სუვერენიტეტს არავინ არ თმობს. ევროკავშირი თანასწორთა კავშირია, ეს არ არის სუვერენიტეტის დათმობა, ეს არის კავშირი, სადაც ყველას აქვს თანასწორი სიტყვა და ხმა, ჩვენ ასეთი ევროკავშირი გვინდა”, - ამბობს პაპუაშვილი.
ლანდსბერგისის ამ განცხადებაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე ოთხი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტსა და მათ მიერ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო მსვლელობაში მონაწილეობის მიღებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი ვიზიტი და განცხადებები ისევ ევროკავშირს აზიანებს.
“ევროკავშირი თუ სხვა რამეა და ჩვენ მართლა სუვერენიტეტი უნდა დავთმოთ, ჩვენ ის უკვე დავთმეთ საბჭოთა კავშირში, როდესაც დაგვიპყრო მან 21 წელს, და თუ ვინმეს ევროკავშირი წარმოუდგენია საბჭოთა კავშირად, მაშინ თქვას ასე.
არასერიოზულ საკითხებზე ვმსჯელობთ საერთოდ და ვწუხვარ, რომ ეს ვიზიტი, მისი არაკორექტული, არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა გახდა საბაბი ამგვარი დისკუსიებისა, რაც უპირველეს ყოვლისა, თავად ევროკავშირს აყენებს ზიანს, რადგან ქართველ ხალხში აფუძნებს ისეთ აღქმას, თითქოს ზემოდან გვიყურებენ ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლები”, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოში ვიზიტისას გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა სუვერენიტეტის ნაწილის დაკარგვასაც ნიშნავს.
“ასე რომ, როდესაც შენ ადგახარ ევროკავშირისკენ გზას, თუ შენ გადაწყვიტე, ამ გზით იარო, მაშინ არსებობს კონკრეტული ვალდებულებები, ვიდრე ამ გზით მიდიხარ. გულწრფელად გეტყვით, პირველი ნაბიჯები არც ისე რთულია, შემდეგ ეს უფრო რთული იქნება. ჩვენ ვიცით, რადგანაც ეს გამოვიარეთ. ეს არ არის მარტივი, რადგან ამ გზის ბოლოსკენ შენ უკვე ნამდვილად იწყებ საუბარს სუვერენიტეტზე. არსებობს ვაჭრობის საკითხი, რომელსაც თმობ და ვაჭრობა ხდება ევროკომისიის კომპეტენცია. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ერთმანეთის გვესმის, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რას იწვევს ევროკავშირის წევრობა. ფაქტობრივად, შენ თმობ შენი სუვერენიტეტის ნაწილს”, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.