იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები ისრაელსა და "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა. შედეგად, პრაქტიკულად ყველა გადამზიდ კომპანიას მოუწია ოპერირების ალტერნატიული მარშრუტებით გაგრძელება, რაც ზრდის გადაზიდვის დროს და ამასთან ფასსაც.
bm.ge-მ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამზიდი კომპანიის inex group-ის გენერალურ დირექტორს, გიორგი კაპანაძეს ჰკითხა, გამოიწვევს თუ არა წითელ ზღვაში შექმნილი ვითარება საქართველოში რიგ მიმართულებებზე ტარიფების ზრდას.
კაპანაძე ამბობს, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს არა მხოლოდ საზღვაო, არამედ საჰაერო და საკონტეინერო ფასების მატებასაც.
"ჩვენ, ნაკლები რაოდენობის ტვირთები მოგვაქვს ჩინეთიდან და შესაბამისად, პირდაპირი ასახვა არ არის დიდი. თუმცა, არსებული სიტუაცია, საერთო სექტორზე, ტვირთბრუნვაზე, ტარიფებზე და დროზე აისახება. გემებს უწევთ საკმაოდ დიდი მანძილის გავლა, რაც ზრდის როგორც დროს, ასევე ხარჯებსაც. ეს არ ეხება მხოლოდ საზღვაო გადაზიდვებს, ეს არის ჯაჭვი, როცა ძვირდება საზღვაო გადაზიდვა, ეს მოთხოვნას ზრდის საჰაერო და სხვა საკონტეინერო გადაზიდვებზე და შესაბამისად ფასი იქაც იზრდება. ეს გლობალური პრობლემაა, რომელიც მხოლოდ გადამზიდავებს არა, უამრავ ბიზნესს ეხება. საქართველოში არაერთი ბიზნესი ახორციელებს ჩინეთიდან ექსპორტს და იმპორტსაც" - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
ბოლო მონაცემებით, გადამზიდმა კომპანიებმა წითელი ზღვიდან $36 მილიარდზე მეტი ტვირთი გადაამისამართეს.
ინფორმაციისთვის, იემენში "ჰუსიტები" ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 1990-იან წლებში დაარსდა. ისინი იემენის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარება სურთ. მათი გაცხადებული მიზანია ისრაელის, აშშ-სა და ებრაელების განადგურება. ჰუსიტები ჩართულნი იყვნენ 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” საპროტესტო აქციებში. 2014 წელს მათ იემენის დედაქალაქის დაკავება შეძლეს, 2015 წლიდან კი საუდის არაბეთის კოალიცია ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაერთო.