სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ საქართველოს პერსპექტივის "სტაბილურიდან" "ნეგატიურზე" ცვლილებას გია ხუხაშვილი აფასებს და აღნიშნავს, რომ გამოქვეყნებული ანგარიში ადასტურებს, რომ ორივე ფუნდამენტური პარამეტრი, რის მიხედვითაც ქვეყნის სუვერენული რეიტინგი ფასდება, საქართველოში მკვეთრადაა გაუარესებული.
იგი "ანალიტიკას" ეთერში განმარტავს, რომ პერსპექტივის გაუარესება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის თანამდევი ეფექტია და არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ უფრო მკვეთრი ვარდნაც გვქონდეს, როდესაც საქმე ფინანსური რისკების რეიტინგებს ეხება.
"ორი ძირითადი, ფუნდამენტური პარამეტრია, რის მიხედვითაც ფორმირდება ეს რეიტინგები. ეს გახლავთ, ერთ მხრივ, სტაბილური გარემო და დაბალი რისკის ზონა და მეორე მხრივ, სამართლიანი თამაშის წესები ქვეყანაში. თავისუფალ კაპიტალს არ უყვარს გაურკვეველი, არაპროგნოზირებადი, პოლიტიკით გაზავებული თამაშის წესები. ორივე მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემა - ერთი მხრივ, პოლიტიკური კრიზისი და მეორე მხრივ, ნომენკლატურული კაპიტალიზმი, სადაც ხელისუფლება არის ბიზნესის დირექტორი და მის გარეშე ეკონომიკური აქტივობა, კაპიტალის თავისუფალი მიმოქცევა არის შეუძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არაფერი განსაკუთრებული ზედაპირზე არ ხდება და რეიტინგში დიდი ცვლილებები არ გვაქვს, პროგნოზში გვაქვს სერიოზული პრობლემა. ამაში არის მწყობრი ლოგიკა, არავინ იცის, ეს ქვეყანა სად მიდის. თუ ეს ქვეყანა აღმოჩნდება რუსეთის იმპერიაში, რაზეა საუბარი. გვექნება ფინანსურ რისკებთან დაკავშირებით მკვეთრი ვარდნა, რაც სრულიად ცხადია და ეს პროგნოზიც აქედან გამომდინარეობს. აღარაფერს ვამბობ ამ რისკების შემცირების ძირითად ინდიკატორებზე, მაგალითად სასამართლოს სისტემაზე, სადაც კაპიტალს შეუძლია საკუთარი თავი დაიცვას პოლიტიკური ჩარევებისგან - აქ ყველგან პრობლემა გვაქვს და ეს პრობლემები ყოველდღიურად ღრმავდება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
კითხვაზე, რა გავლენა ექნება საქართველოს გაუარესებულ პროგნოზებს საერთაშორისო ინვესტორების საქმიანობაზე და შეიძლება თუ არა, რომ ქვეყანაში საინვესტიციო პროექტები გაჩერდეს, ხუხაშვილი პასუხობს, რომ საქართველოში ფულის შემოდინება ისედაც შემცირებულია, თუ საეჭვო წარმომავლობის კაპიტალს არ ჩავთვლით.
"“შეიძლება” უნდა ამოვიღოთ [კითხვიდან]. რეალურად, ცივილიზებული ფული საქართველოში კიდევ შემოდის? ეჭვი მაქვს, რომ აღარ. ფაქტობრივად, არა თუ შეიძლება შეჩერდეს, შეჩერებულია უკვე. საქართველოს ერთგვარი ვირტუალური სტაბილურობა განპირობებულია, ჩემი აზრით, ძირითადად რუხი და საეჭვო წარმომავლობის ფულის ხარჯზე. ჩემთვის ბოლომდე გაუგებარია ლარის კურსის სტაბილურობა, იმიტომ რომ ამაში არანაირი ეკონომიკური ლოგიკა არ არის, უბრალოდ მიმოქცევაშია შემოსული გაუგებარი ფული და იმედია, რომ შესაბამისი სპეციალისტები ჩაშლიან ამ თემას. ეკონომიკური, ფინანსური ლოგიკა ლარის სტაბილურობაში არ გვაქვს დღეის მდგომარეობით და ხვალ და ზეგ კიდევ უფრო დამძიმდება ვითარება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ანალიტიკოსმა BMG-სთან საქართველოს ეკონომიკური პროგნოზების პოლარიზებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ იმის წინასწარ განსაზღვრა, დადებითად წარიმართება ქვეყანაში მოვლენები, თუ უარყოფითად, შეუძლებელია, რის გამოც არსებობს პოზიტიური და ნეგატიური პროგნოზები.
"ეკონომიკური პროგნოზებიც პოლარიზებული გახდა - როდესაც ვითარება ბუნდოვანია, როდესაც იმდენი სუბიექტური ფაქტორი ზემოქმედებს პროცესზე, ჭირს მათი სისტემატიზება და მართლაც ასეა. ჩვენ არ ვიცით, ეს ხელისუფლება მიიღებს ლეგიტიმაციას თუ არა, სანქციები გამოიწერება თუ არა - ეს ყველაფერი არის სუბიექტური ფაქტორები რისი პროგნოზირებაც შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ვიღაც ამას უყურებს იმ ჭრილში, რომ ეს მოხდება, ვიღაც ამას უყურებს იმ ჭრილში, რომ ეს მოხდება და ასეთ პროგნოზს აკეთებს, ვიღაც ამბობს, რომ არ მოხდება და “ბიძინა ყველაფერს დაალაგებს” , ეს ურთიერთგამომრიცხავი ანალიზიც აქედან კეთდება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად - Ba2 დონეზე დატოვა, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურზე" შეცვალა. ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და გეოპოლიტიკური რისკების ზრდითაა განპირობებული, რაც ზრდის ქვეყნის მოწყვლადობის ზრდის ალბათობას.