ქართული ოცნება იქცა ქართულ კოშმარად - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას წინასაარჩევნოდ ომი და მშვიდობის ამსახველი ბანერების გამოქვეყნების შესახებ, რომელზეც უკრაინაში ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა და საქართველოში განახლებული საზოგადოებრივი ადგილებია აღბეჭდილი.
გადაცემა „ანალიტიკაში“ საქართველო-ამერიკის გადატვირთვის პროცესსა და წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შეფასებისას ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ესკალაცია მატულობს, მმართველ გუნდს კი ყველანაირი მორალური ფსკერი ჩახვრეტილი აქვს.
„ესკალაციის პროცესი გრძელდება, ტემპერატურა სულ უფრო იწევს. პრეზიდენტმა შემოიტანა ასეთი კითხვა დასავლეთი თუ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება და ამის გადასაფარად, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს უტიფარმა ადამიანებმა მოიფიქრეს რეფერენდუმის საკუთარი ფორმულირება მოიფიქრეს - ომი თუ მშვიდობა? ისინი პოზიციონირებენ, როგორც მშვიდობის ერთადერთი დამცველები და ყველა ოპონენტს ომის პარტიის დამქაშებად ასაღებენ. ისინი არაფერზე უკან არ იხევენ, ყველა მორალური ფსკერი უკვე ჩახვრიტეს. წარმოუდგენელია მარიუპოლის კადრების და ალტერნატიული სურათის დახატვა. ეს იყო დამახასიათებელი КГБ-სთვის და შემდეგ ФСБ-მ გადმოიბარა ეს ყველაფერი, მაგრამ იმათაც კი არ უკადრიათ. მაგრამ მათაც კი არ უკადრიათ რუსეთის აგრესიულ პოლიტ-ტექნოლოგიაში ასეთი რამის გამოყენება. თითქოს ყველაფერზე წამსვლელები არიან... ნებისმიერი ფასეულობათა სისტემა და პოლიტიკური თამაშის წესები რომ აიღო, ეს ისეთი ზღვარია, რომლის იქითაც არაფერი არსებობს. შესაბამისი რეაქცია მივიღეთ ჩვენ სამწუხაროდ. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ქართული ოცნება იქცა ქართულ კოშმარად“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.