მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებას კოჭებს უგორებენ. ჩვენი ბიზნეს ელიტა არ იმსახურებს პატივისცემას - გია ხუხაშვილი

ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესმენები დამოუკიდებლად მუშაობას მიჩვეული არ არიან და ბიზნესის კეთებას ხელისუფლებასთან "ხარკის მიტანით" არჩევენ.

„რუსულ კანონთან“ დაკავშირებით კერძო სექტორის პოზიციების შეფასებისას, BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესის ნაწილი ხელისუფლებას ლოიალობას უცხადებს, თუმცა შედარებით ჩუმად არიან, რადგან ხედავენ, რომ მმართველ პარტიას საქმე კარგად ვერ მისდის.

„ჩვენი ბიზნესი არ არის მიჩვეული დამოუკიდებელ მუშაობას იმიტომ, რომ ისინი ვერ გრძნობენ დაცულად ხელისუფლების განუკითხაობისგან თავს. მათ ურჩევნიათ, ხელისუფლებასთან ხარკი მიიტანონ და ასე აკეთებენ ბიზნესს. ჩვენი ბიზნეს ელიტა, სამწუხაროდ, არ იმსახურებს პატივისცემას.

ხელისუფლებაში რომ მოვედით, ჩემი ძირითადი მისია შეიძლება ითქვას, იყო დაშორიშორება ხელისუფლების და ბიზნესის, რომ ჩამეჭრა ეს მანკიერი კავშირები. მე ჩამთვალეს, რომ ახალი პატრონი ვიყავი, რიგი იდგა ჩემთან ბიზნესების, მოდიოდნენ, ხარკი იქ მიგვქონდა, ახლა სად მოვიტანოთ გვითხარიო... მე ვეუბნებოდი, წადით და იმუშავეთ წესიერად, გადაიხადეთ გადასახადები, ყველანაირი ხარკი დამთავრდა და თუ ვინმე მოგთხოვთ, დაისჯებიან. აი ასე დავიწყეთ, ამიტომ გავხდი მიუღებელი ბევრისთვის. ასეთია ჩვენი ბიზნესი, არ ენდობიან, არ იციან და არც სურვილი აქვთ კონკურენტულ გარემოში მუშაობის თუ არ ვიცი რა მიზეზით, ხელისუფლება რომ იცვლება ახალ პატრონს ეძებენ. ანუ ფაქტობრივად ის [ბიზნესი] არის ე.წ. გამრყვნელი ძირითადად. მათი შეთავაზება დიდია ხოლმე და ახალ ხელისუფლებაში ბევრი ამ ცდუნებას ვერ უძლებს.

ახლა, ბიზნესი ემზადება ნახტომისთვის. ჩუმად არიან, ხელისუფლებას კოჭებს უგორებენ, მაგრამ ისე აქტიურად აღარ, რადგან ხედავენ რომ რაღაც ვერ მისდის ამ ხელისუფლებას საქმე კარგად. ლოიალობას ისევ უთვლიან, მაგრამ ეძებენ ახალ პატრონებს. არ მინდა ყველა ერთ ჯამში მოვაქციო, რა თქმა უნდა, არის წესიერი, სახელმწიფო ინტერესზე ორიენტირებული ხალხიც, მაგრამ არიან წმინდა წყლის მედროვეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ხელისუფლებასთან გარიგებით და მათთან ერთად ბიუჯეტში ხელის ფათურით შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ეს ბიზნესი არაა...“,- თქვა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. რუსულ კანონს არაერთი ბიზნესმენი ღიად აკრიტიკებს. ამასთან, მსხვილი ბიზნესმენების გარკვეულმა ნაწილმა განცხადებები გაავრცელა, სადაც, ფაქტობრივად, მხარს უჭერენ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები