საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომას ეწყება, რომელზეც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს ბლოკში გაწევრიანებისთვის სამი გზავნილი გააჟღერა.
ბორელის პირველი გზავნილი ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებას ეხებოდა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი დეზინფორმაციის ნაწილსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ანტიდასავლურ რიტორიკას უფრო მეტად უნდა ებრძოდეს.
“თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმები ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, იმისათვის, რომ, ჩვენივე რეკომენდაციით, 9 დათქმა შეასრულოთ. ამისათვის თქვენ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი უკვე გყავთ და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში თითოეული მათგანი ჩაერთოს. საჭიროა, გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები და შემცირდეს პოლიტიკური წნეხი და დაძაბულობა.
მეორე გზავნილი ისაა, რომ ევროკავშირი და საქართველო საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე უნდა მიმართავდეს ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა ყველაფერში აისახოს, რადგან ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვცხოვრობთ. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია, გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკაც. ველით, რომ ამ მხრივ მომდევნო წლებში პროგრესი უფრო მეტად იქნება. ასევე, მოვუწოდებ მთავრობას, ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ იბრძოლოს”, - განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი საარჩევნო პროცესი ქართული დემოკრატიისთვის ერთგვარი ტესტი იქნება.
“ჩემი მესამე გზავნილი ისაა, რომ წლევანდელი არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. საარჩევნო რეფორმა, რომელიც განხორციელდება, მომავალი არჩევნებისთვის მზადება უნდა იყოს. ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია უნდა იქნეს გათვალისწინებული თავისუფალი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად”, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.