საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2026 წელი ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის ტვირთბრუნვის თვალსაზრისით რეკორდული იქნება.
პრემიერ-მინისტრმა განცხადება ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალების დათვალიერებისას გააკეთა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ობიექტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად გაეცნო.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის მონაცემები მიუთითებს, რომ ბათუმის პორტი რეკორდულ ტვირთბრუნვას აღწევს.
„ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული. პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი ბათუმის პორტისთვის სარეკორდო იქნება ტვირთბრუნვის კუთხით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ფოთის პორტი. აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე. 2029 წლისთვის უკვე დაგეგმილია ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება და პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოების დასრულება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ბათუმის პორტის საკონტეინერო და სასუქების ტერმინალების შესაძლებლობებსა და სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებს გაეცნო.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბათუმის პორტის განვითარება ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ფოთის პორტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზეც.




























