გადამზიდავი კომპანიების ნაწილში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩინეთიდან საქართველოში კონტეინერის გადმოზიდვის ღირებულება 10-11 ათას დოლარამდე გაიზარდოს.
როგორც BMG-ის Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, თუკი წითელ ზღვაში არსებული კრიზისი გაგრძელდება, მოსალოდნელია, რომ საკონტეინერო გადაზიდვები კიდევ გაძვირდება. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ამ დროისთვის 40-ფუტიანი კონტეინერის გადმოზიდვის ღირებულება ჩინეთიდან საქართველომდე დაახლოებით 8500 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
კომპანიის გენერალური დირექტორის, მიხეილ ნამადოვის განცხადებით, საკონტეინერო გადაზიდვების ფასზე მცირე გავლენა თურქეთის მიერ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით გავლის ღირებულების გაზრდასაც ექნება.
მისივე თქმით, გაძვირებული საზღვაო გადაზიდვების ფონზე გადამზიდავების ნაწილი რკინიგზაზე გადაერთო, თუმცა გამოწვევები ამ მიმართულებითაცაა.
„წითელი ზღვრის კრიზისი განაპირობებს იმას, რომ საკონტეინერო გადაზიდვებზე ტარიფები იზრდება და ამ დროისთვის ფასების იმ ნიშნულს ვუახლოვდებით, რაც პანდემიის დროს იყო, ეს კი დაახლოებით 9000 დოლარს უდრის. გარდა ამისა, გაზრდილია სატრანზიტო პერიოდი და ჩინეთიდან საქართველომდე ტვირთის ჩამოტანას უკვე სამი თვე სჭირდება, რაც ასევე მტკივნეულია ბიზნესისთვის, იმპორტიორებისთვის, რადგან მათ მეტი სამუშაო კაპიტალის გაყინვა უწევთ.
რაც შეეხება ბოსფორის სრუტეს, იქიდან გამომდინარე, რომ ისედაც პიკშია ფასები უკვე ასული, ამ მიმართულებით ფასის ზრდა გადაზიდვების ღირებულებაზე უმნიშვნელოდ იქონიებს გავლენას. დაახლოებით 60-ცენტიანი ზრდაა ერთ ტონა ტვირთზე, რაც 15-20 დოლარის სხვაობაა ერთ კონტეინერზე და ეს დიდ გაძვირებას არ გამოიწვევს.
რაც შეეხება მოლოდინებს, თუ წითელი ზღვის კრიზისი არ დალაგდება და სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, კიდევ გაძვირდება საკონტეინერო გადაზიდვები. აქამდე ყოველ კვირა ფასის 5-10%-იანი ზრდა გქონდა, ბუნებრივია, ამავე ტემპით ვეღარ გაგრძელდება, თუმცა ალბათ წლის ბოლომდე 10-11 ათასი დოლარის ნიშნულს მიაღწევს. ამ მიმართულებით ალტერნატივა რკინიგზაა და თუკი საზღვაო გადაზიდვებს 80 დღე სჭირდება, რკინიგზით ჩინეთიდან საქართველოში ტვირთი 30 დღეში ჩამოდის. თუმცა რკინიგზას იგივე წარმადობა არ აქვს, რაც ზღვას. მაქსიმუმ 100-150 კონტეინერის გადმოზიდვას ვახერხებთ თვეში და 2-3 თვით ადრე უკვე გვაქვს ხოლმე ჯავშნები“, - განაცხადა მიხეილ ნამადოვმა.
ცნობისთვის, 1 ივლისიდან თურქეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით გავლის ღირებულება თითქმის 15%-ით გაზარდა. გადასახადი $4.42-დან $5.07-მდე გაიზარდა.
ამასთან, Drewry’s-ის მონაცემებით, საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი კვლავ მზარდია და 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება ამ დროისთვის $5300-ის ფარგლებშია. გლობალურად გადაზიდვის ტარიფი წლიურად დაახლოებით 250%-ითაა გაზრდილი. ფასებზე ზეწოლას ისევ წითელი ზღვის კრიზისი და ამ ფონზე მიწოდების დარღვეული ჯაჭვები ქმნის.