კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა მზარდია და ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურაც ქვეყანაში შესაბამისად ვითარდება .
როგორც კომპანია E-space-ის გენერალურმა დირექტორმა “საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლომდე მათ ქსელში უკვე 80-დან 100-მდე სწრაფ დამტენამდე იქნება ჩართული.
“ბოლო წლების განმავლობაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაზრდილი არის, შესაბამისად გაზრდილი არის მიწოდება. ბაზარზე უკვე ძალიან მრავალფეროვანი არის ავტომობილების არჩევანი, როგორც მეორადი, ასევე ახალი ავტომობილებისაც. ძირითადი მოდელები და დიდი რაოდენობა მანქანების მაინც ამერიკიდან შემოდის, მაგრამ მეორე ადგილზე ამ ეტაპზე უკვე ინტერესის მხრივ გადასული არის ჩინური წარმოების ავტომობილები. საქართველოს ბაზარზე შემოდის ჩინური ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილები.
კარგი მაჩვენებელი არის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელექტრომობილების რაოდენობა გაორმაგდა და შესაბამისად, დამტენების რაოდენობაც გაორმაგდა. ბაზარზე გამოჩნდნენ სხვა კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ ბიზნესით. ჩვენი პარტნიორების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. წლის ბოლომდე გეგმაში გვაქვს, რომ უნდა გაორმაგდეს კიდევ ის რაოდენობა, რაც ახლა გვაქვს ქსელში. დაახლოებით 80-დან 100-მდე სწრაფი დამტენი უნდა იყოს უკვე ჩვენს ქსელში ჩართული წლის ბოლომდე და შესაბამისად, ამ დინამიკით რაც ახლა გვაქვს ბაზარზე, თუ ისევ გაგრძელდა მოთხოვნა ელექტრომობილებზე და არ შენელდა ეს ტემპი, რაიმე ხელოვნური მანიპულაციით, მაშინ დამტენების და ზოგადად ინფრასტრუქტურის მოწყობას, როგორც სერვისების, ასევე დამტენების აუცილებლად თან გაჰყვება ბაზარს", - განაცხადა დავით იოსავამ.
კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ დარგისთვის გამოწვევაა ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი, რის გამოც ბაზრის მონაწილეების ნაწილს ელექტროდამტენების მომსახურებაზე ფასების ზრდა მოუწია.
"ჩვენს მომხმარებელთან კომუნიკაციას როდესაც ვაკეთებდით, ყოველთვის გვქონდა შედარება საწვავის ხარჯთან და ელექტროენერგიის ხარჯთან, ეს სხვაობა მინიმალურად, მაგრამ მაინც შემცირდა. უფრო რთული არის იგივე ფასების დაჭერა, რაც აქამდე ქსელში არსებობდა, დიდ მოთამაშეებს მოუწიათ, რომ ფასები გაეზარდათ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის გეგმა, რომელიც არის ქვეყანაში, რომ შევძლოთ სხვადასხვა მომწოდებლისგან [ელექტროენერგიის] შეძენა ენერგეტიკულ ბირჟაზე. თუ ეს პროექტი მალე ჩაეშვება, შეიძლება დაეხმაროს ამ სფეროს”, - განაცხადა დავით იოსავამ.
ცნობისთვის, წელს პირველ კვარტალში საქართველოში იმპორტირებულია 34.3 მლნ დოლარის ღირებულების 2 201 ცალი ელექტრომობილი, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში სულ 29.5 მლნ დოლარის ღირებულების 1630 ცალი ელექტრომობილი შემოვიდა.




























