მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წლის ბოლომდე სამი მონიტორინგის შედეგებს გამოვაცხადებთ" - კონკურენციის სააგენტო

კონკურენცია

"კონკურენციის სააგენტოს" ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე, "საქმიანი დილას" ეთერში უწყების სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ წლის ბოლომდე სააგენტო სამი მნიშვნელოვანი მოკვლევის შედეგებს გაასაჯაროებს.

“წლის ბოლომდე რამდენიმე მთავარ საკითხს გავასაჯაროებთ. პირველი ფარმაციის ბაზრის მონიტორინგის შედეგები იქნება, რომლებიც უკავშირდება ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზაციის პრობლემებს. მეორე საკითხი კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის თემაა, რომელიც წლის ბოლომდე დაიხურება. ჩვენი შუალედური გადაწყვეტილებით სასამართლომ დაგვიკმაყოფილა შუამდგომლობა და ერთ-ერთ კომპანიას ბილეთების გაყიდვის ექსკლუზივი უკვე გაუუქმდა. 15 ნოემბრამდე კი საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზების მონიტორინგის შედეგებს გამოვაქვეყნებთ.

გარდა ამისა, პარლამენტში მიმდინარეობს განხილვა და პირველი მოსმენა უკვე გაიარა სააგენტოს სახელის ცვლილების საკითხმა. “საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს” ნაცვლად “საქართველოს კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო” ვიქნებით ახალი წლიდან, რადგან ეს მნიშვნელოვანი ფუნქციაა და, ვფიქრობ, სახელშიც უნდა აისახოს”, - აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, “მომხმარებელთა უფლებების დაცვის” შესახებ კანონის აღსრულების მანდატი 1 წლის წინ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. როგორც მისი ხელმძღვანელი “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, 2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე სააგენტოში 460-ზე მეტი განცხადება შევიდა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით აღსრულება 1 წლის წინ დავიწყეთ. იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე მხოლოდ სასამართლო იყო ერთადერთი ინსტრუმენტი, სადაც მომხმარებელს საკუთარი უფლებების დაცვა შეეძლოთ, ძალიან დიდი ენთუზიაზმით მივუდექით საქმეს.

1 წლის თავზე შემიძლია გითხრათ, რომ მომხმარებელიც ძალიან აქტიურია, მოვაჭრეებთანაც ძალიან კარგი კომუნიკაცია და თანამშრომლობის კარგი ფორმები გვაქვს. ამიტომაც არის, რომ 460-ზე მეტი განაცხადი გვაქვს მიღებული. აქედან 250-ზე მეტ შემთხვევაში დაიწყო შესწავლა და დასრულებული საქმეების უმრავლესობა პირობითი ვალდებულების შეთანხმებით დასრულდა”, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში 500-მდე განცხადების მიღება იმის ინდიკატორია, რომ მომხმარებლებს დარღვეული უფლებების აღდგენის ახლა უფრო მეტი გარანტია აქვთ.

“ამ კანონის მიღებამდე, ყველა ჩვენ მომხმარებლების, მარტო ვიყავით მოვაჭრის პირისპირ, სასამართლოს თუ არ ჩავთვლით. რა თქმა უნდა, იყვნენ აქამდეც და ახლაც არიან მოწესრიგებული კომპანიები, რომლებსაც გამართული სავაჭრო პოლიტიკა აქვთ, მაგრამ ეს მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის გარკვევის საგანი იყო.

ახალმა კანონმა შექმნა მესამე მხარეც, რომლის ჩართულობაც უფრო მეტ გარანტიას უქმნის მომხმარებელს. ეს პრობლემები მანამდეც იყო, თუმცა უკვე კანონის ჩარჩოშია მოქცეული და მომხმარებლისთვისაც ძალიან სასარგებლოა. მხოლოდ ერთი ქეისის მაგალითზე რომ გითხრათ, საკმაოდ ცნობილი საქმეა, როდესაც 3000-ზე მეტ მომხმარებელს აღუდგა დარღვეული უფლება, როცა არასწორი ინფორმირების გამო ზედმეტი თანხების გადახდას ჰქონდა ადგილი”, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით კონკურენციის სააგენტომ სასწავლო ცენტრიც აამოქმედა, რომელიც დაინტერესებულ პირებს სწორი სავაჭრო პოლიტიკის მნიშვნელობაზე აწვდის ინფორმაციას.

კონკურენციის სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევაზე სულ 462 განაცხადი შევიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები