მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წლის ბოლომდე თბილისში 200-ზე მეტი EV დამტენი გვექნება დამონტაჟებული" - რას მოიცავს მარტEV-ის და TBC-ის პროექტი?

მარტივი

ელექტრომობილთა დამტენების მონტაჟის კომპანია "მარტEVი" წლის ბოლომდე თბილისის მასშტაბით ჯამურად 200-ზე მეტი დამტენის მონტაჟს აანონსებს. "საქმიანი დილას" ეთერში გიგი ხოჯევანიშვილმა, კომპანიის დირექტორმა ისაუბრა, "მარტEVი" უკვე ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც, TBC-ის დაფინანსებით, 132 სწრაფი დამტენი დაყენდება.

"რეალურად როდესაც იწყება ახალი პროექტი, შეიძლება ითქვას, სტარტაპიც, ამ დროს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ეფექტური თანამშრომლობა კიდევ უფრო დასაფასებელია. აქვე უნდა ითქვას, რომ მსგავსი ტიპის პროექტი პირველია, რომელიც დაფინანსდა და მხარდაჭერილი იქნა [TBC-ის მიერ] და ჩვენ, როგორც სხვა მიმართულებითაც, აქაც პირველები ვართ. საამაყოა ეს საკითხი.

ასეთი გეგმა გვაქვს, რომ წლის ბოლომდე თბილისის მასშტაბით 200-ზე მეტი დამტენი გვექნება დამონტაჟებული. აქედან 132 იქნება სწრაფი და სუპერ სწრაფი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული აუქციონის და პარტნიორობის ფარგლებში მოეწყობა; ამის გარდა, ჩვენ ამ დროისთვის უკვე გვაქვს 70-მდე ერთეული სწრაფი და ნელი, ძირითადად უფრო AC ტიპის ნელი დამტენები თბილისის ყველა უბანში. 200 დამტენი საკმაოდ მსუყე მაჩვენებელია. ჩვენ დღეს თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ სერვისის მიწოდების მხრივ ცოტა დეფიციტია ბაზარზე, მას შემდეგ, რაც ჩვენი დამტენები დამონტაჟდება თბილისის ყველა უბანში (ჩვენი მოქნილი გეოგრაფია გვექნება ამ თვალსაზრისითაც), პირიქით, მიწოდება იქნება ჭარბი ჩვენი მხრიდან. ამიტომ პირიქით უნდა გაიზარდოს ელექტრომობილების რაოდენობა, რომ დაეწიოს ჩვენ ტემპს", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

"მარტEVის" დირექტორმა ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარების ტენდენციებიც შეაფასა. როგორც მან BMG-ის ეთერში აღნიშნა, კომპანიის მიერ მოწყობილი ინფრასტრუქტურა დაეხმარება საქართველოს, გლობალურ ტენდენციებს ფეხი უფრო მარტივად აუწყოს.

"მსოფლიო ტენდენციები მერე ასახვას ლოკალურ ბაზარზეც პოულობს, მზარდია მოთხოვნა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი დღეს მსგავს ინდუსტრიებში. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოც ისეთი ტემპით დაეწევა განვითარებას, როგორც ჩვენ ვითარდებით და როგორც სერვისსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს. რეალურადაც, ალბათ, არსებობს ამ დროისთვის გარკვეული შიშები მომხმარებლების მხრიდან, თუ სად დატენონ, როგორ დატენონ, როგორ იმგზავრონ, როგორ მოიხმარონ დამტენები, მაგრამ ჩვენ ამ კუთხითაც აქტიურად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია მომხმარებელს... ეს ყველაფერი საშუალებას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ შეიძინოს ელექტრომობილი, უკვე ჰქონდეს საშუალება, უპრობლემოდ დატენოს მანქანა, არა მხოლოდ დედაქალაქში", - განაცხადა "მარტEVის" დირექტორმა.

ელექტრომობილთა დამტენი ინფრასტრუქტურის მოწყობის მნიშვნელობა "საქმიანი დილას" ეთერში ჰორეკას, კომერციული უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით TBC ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით კონცელაძემაც შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მწვანე ინიციატივები დღეს კერძო სექტორისთვის უფრო მეტადაა ხელმისაწვდომი, რასაც ბანკთან და სახელმწიფო სტრუქტურასთან თანამშრომლობა განაპირობებს.

"მოხარულები ვართ, რომ მორიგ მწვანე ინიციატივაში TBC იღებს მონაწილეობას. ამ ინიციატივას ჩვენ პარტნიორ ჯგუფთან ერთად ვახორციელებთ. ამ ჯგუფთან ჩვენ დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება გვაქვს და სხვადასხვა მიმართულებით 20 მილიონ ლარამდე პროექტები გვაქვს დაფინანსებული. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, მისი ღირებულება არის 4.8 მილიონი ლარი და როგორც აღვნიშნე, მთავარი დამფინანსებელი TBC-ია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 132 ახალი ელექტროდამტენი დამონტაჟდება დედაქალაქის მასშტაბით. პროექტი ასევე მონაწილეობს აწარმოე საქართველოს ინდუსტრიული კომპონენტით, ანუ სარგებლობს სესხის დაფინანსებით და გამომდინარე იქიდან, რომ მწვანე სტატუსი აქვს, კომპანია ასევე ისარგებლებს 15%-იანი ქეშბექით. მოკლედ, პროექტის განხორციელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტროდამტენებზე ხელმისაწვდომობა, რაც პასუხს გასცემს ელექტრომობილებზე არსებულ მაღალ მოთხოვნას", - განაცხადა დავით კონცელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები