წლის ბოლომდე საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია ჩამოვა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად PACE ავრცელებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნის გამო.
"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხებზე მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) და საბინა კუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), გამოთქვეს ღრმა შეშფოთება მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ოთხი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიიდან სამის აკრძალვის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.
"როგორც ასამბლეამ თავის ბოლო რეზოლუციაში - საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ - აღნიშნა, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს და შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან", - განაცხადეს თანამომხსენებლებმა და მოუწოდეს მმართველ უმრავლესობას, გადახედოს სააპელაციო საჩივრის შეტანის გადაწყვეტილებას და შეაჩეროს ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა.
თანამომხსენებლები წლის ბოლომდე თბილისში ფაქტების დამდგენი მისიის ჩატარებას გეგმავენ", - ნათქვამია PACE-ის განცხადებაში.




























