Peanut Store ქართული მიწის თხილისა და ნუშის კარაქის მწარმოებელი საოჯახო ბიზნესია, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა.
ბრენდის დამფუძნებელმა, ვახო ბაბუნაშვილმა BM.GE-სთან წარმოების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ წლის ბოლომდე წარმოების ზრდას, დაახლოებით 35%-ით გეგმავს.
მისივე ცნობით, კომპანიამ წარმოების პროცესი 500 ლარით სახლის პირობებში დაიწყო, თუმცა მაშინ, როდესაც მოთხოვნამ გარკვეულ ნიშნულს მიაღწია, დიღომში საწარმო გააკეთა.
“Peanut Store-ის ისტორია პანდემიის პერიოდში იწყება, როდესაც ცხოვრების ახალმა პირობებმა ახალი წამოწყებისკენ გვიბიძგა. ყველაფერი დაიწყო არაქისის კარაქის იდეით, რომელიც სრულიად ნატურალური და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით მზადდებოდა. ჩვენი პროდუქტების პოპულარობამ სწრაფად მოიგო მომხმარებელთა გულები, რამაც მიგვანიშნა, რომ შეიძლებოდა ეს იდეა უფრო დიდ მასშტაბზე განგვეხორციელებინა. 2 წლის წინ, როდესაც მივხვდით, რომ ბიზნესი უკვე სახლში წარმოებას აღარ ექვემდებარებოდა, დიღომში საწარმო გავაკეთეთ.
ჩვენი პროდუქტი 100% ნატურალურია, არ შეიცავს არანაირ დანამატებს, კონსერვანტებს და ემულგატორებს. წლის ბოლომდე, ვგეგმავთ წარმოების 35%-ით ზრდას, რისთვისაც დაახლოებით 3000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩავდოთ”,- განაცხადა ბაბუნაშვილმა.
მისი თქმით, წარმოების ზრდისთვის, ამ ეტაპზე საბუთების მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს. სამომავლო პერსპექტივაში კი, ასორტიმენტის გამრავალფეროვნება, კერძოდ ფსტის კარაქის დამატება იგეგმება.