მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე, „ველინო“ სამხრეთ კორეაში ექსპორტზე გასვლას გეგმავს

ველინო

საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთში მდებარე მეღვინეობა „ველინო“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს.

როგორც მეღვინეობის დამფუძნებელმა, ბექა ჯიმშელაძემ BM.GE-სთან განაცხადა, მეღვინეობა 2019 წლიდან, წარმოებული პროდუქციის სრულად ექსპორტს ახდენს და 13 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, კანადა, იაპონია, ავსტრალია, ნორვეგია, გერმანია და ა.შ.

მისივე ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე ექსპორტის სამხრეთ კორეაშიც იგეგმება.

„სამხრეთ კორეასთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვახორციელებთ. უკვე სადეგუსტაციო ნიმუშებიც გვაქვს გაგზავნილი და წლის ბოლომდე 1200 ბოთლი ღვინის ექსპორტი იგეგმება.

გაზრდილი მოთხოვნის გამო, 5 წელიწადში წარმოების გაორმაგებას და 40000 ბოთლამდე ასვლას ვგეგმავთ. გაორმაგებული წარმოების შემდეგ კი ამ ნიშნულზე გავჩერდებით, რათა ხარისხი შევინარჩუნოთ. ბიო წარმოება ვართ, შესაბამისად ჩვენი ვენახებიდან იმ რაოდენობის ყურძნის მიღება და ღვინის დაყენება არ ხდება, რა მოცულობებსაც მაგალითად ინდუსტრიულ წარმოებებში ახდენენ.

ღვინოს ჩვენსავე საკუთრებაში არსებული 7 ჰა ვენახისგან ვაყენებთ. წელს კი,ახალ მიწის ნაკვეთზე მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას ვგეგმავთ, რათა ახალი ვენახები გავაშენოთ. ახალი ვენახების გაშენება კი სწორედ გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა,“- აცხადებს ჯიმშელაძე.

მეღვინეობა 2 მცირე მარანია, სადაც ჯამში 3-5 ადამიანია დასაქმებული.

მეღვინეობის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ დრომდე მეღვინეობაში 1,5 მლნ ლარის ინვესტიციაა განხორციელებული, ხოლო წარმოების გაორმაგების, ანუ 40000 ბოთლამდე გაზრდის შემდეგ, საერთო ჯამში 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მეღვინეობა უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებას არ გეგმავს.

ცნობისთვის, „ველინო“ საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და ის მომხმარებელს შვიდი სახის ღვინოს სთავაზობს, ბრენდი ექსპორტზე 2019 წელს გავიდა და მას შემდეგ, მთლიანად ექსპორტზეა ორიენტირებული. მეღვინეობაში წელიწადში 20000 ბოთლი ღვინის ჩამოსხმა ხდება, თუმცა „ველინო“ წარმოების გაორმაგებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები