მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წლის ბოლოს ინფლაცია 4.5-4.7%-მდე დაჩქარდება" - როგორ აისახება ისრაელ-ირანის კონფლიქტი საქართველოზე

ოთარ ნადარაია

ისრაელ-ირანის სამხედრო კონფლიქტის ფონზე, ანალიტიკური ორგანიზაციების ნაწილმა ინფლაციის პროგნოზი გაზარდა და ელის, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში ფასების ზრდა დაჩქარდება.

როგორც "თიბისი ჯგუფის" მთავარმა ეკონომისტმა BMG-ის განუცხადა, ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, მოსალოდნელია, რომ აქამდე ნავარაუდევი 4.1%-ისა, საქართველოში ინფლაცია წლის ბოლომდე დაახლოებით 4.5-4.7%-მდე გაიზრდება.

ოთარ ნადარაიას თქმით, წელს ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლა ასევე შეიძლება ჰქონდეს შიდა ფაქტორებსაც. შესაბამისად, მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის მორიგ ჯერზე უცვლელად დატოვება მოლოდინების შესაბამისი იყო.

„რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენს პროგნოზთან შესაბამისობაშია, უფრო მეტიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლო აღმოსავლეთის სამწუხარო ესკალაცია რომ არ ყოფილიყო, საბაზისო სცენარი მაინც განაკვეთის 8%-ზე დატოვება იყო.

ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს არის, მაგრამ მზარდია. ამ მოვლენებამდე [ისრაელ-ირანის კონფლიქტამდე] ჩვენი პროგნოზი იყო, რომ წლის ბოლოს ინფლაცია დაახლოებით 4.1% იქნებოდა. ახლა რაც ხდება, სავარაუდოდ, შეიძლება 4.5-4.7% იყოს წლის ბოლოსთვის. აქ გათვალისწინებულია დღეს არსებული ნავთობის ფასი, ასევე სატრანსპორტო ხარჯების [გაზრდაზეა] საუბარი და, რა თქმა უნდა, არასახარბიელო სცენარები განიხილება.

ამასთან, შიდა ინფლაციის კუთხით წელს არაერთ პროდუქტზე ცუდი მოსავლის წელია, იმიტომ, რომ ყინვები იყო. აქედანაც შეიძლება დაახლოებით 0.5 პროცენტულ პუნქტამდე იყოს ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლა”, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

"თიბისი ჯგუფის" მთავარი ეკონომისტი ასევე აცხადებს, რომ თუკი ინფლაციის ტემპი დაჩქარდება, მოსალოდნელია, რომ მომდევნო პერიოდში ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების დაგროვებას უფრო დაბალი ტემპებით გააგრძელებს.

“ასევე აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი რეკორდულად მაღალ ინტერვენციას ახორციელებს დოლარის შესყიდვის მიმართულებით. მეორე კვარტალში სებ-ს დაახლოებით 600 მლნ დოლარის შესყიდვა ექნება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

რა კავშირშია ეს ინფლაციასთან? თუ ინფლაცია კიდევ უფრო დაჩქარდება, ჩვენ სავარაუდოდ, ასეთ სცენარში უფრო მეტ ლარის გამყარებას ვიხილავთ და შედარებით ნაკლებ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას”, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 18 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები