წლის ბოლოს ველოდებით, რომ "სხვა გადასახადების" სახით ბიუჯეტში ₾500 მლნ-ზე მეტი გვექნება - ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე "ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მან განმარტა, რას მოიცავს სხვა გადასახადები და რატომ იყო პირველი კვარტალის ბოლოს შესრულება 261% .
"კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რა ხვდება სხვა გადასახადების ნაწილში. ნებისმიერ საგადასახადო ვალდებულებას, რომელსაც კომპანია ასრულებს და მისი დეკლარაციის წარდგენამდე [მომდევნო თვის 15 რიცხვამდე] ხვდება სხვა გადასახადების ნაწილში. შემდგომ უკვე, დეკლარაციის წარდგენისთანავე ხვდება იმ სახეში, რომელი სახეც ეკუთვნის ამათუ იმ გადასახადს. ეს არის როგორც ყველაზე ხშირ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი. ასეთივე შეიძლება იყოს დღგ, დეკლარაციის ჩაბარებამდე და მერე, უკვე ხდება მის შესაბამის სახეში ასახვა. ამიტომ, ის თუ რატომ მოხვდა სხვა გადასახადებში თანხა არ არის სიახლე, ყოველ თვეში ასეა.
რა მოხდა პირველი კვარტალის ბოლოს ძალიან მარტივი რიცხვებით გეტყვით - 339 მილიონი იყო მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ანუ 15 აპრილამდე დამატებით 257 მილიონი ლარი შევიდა სხვა გადასახადებში. საბოლოო ჯამში, 596 მილიონი ლარიდან მას შემდეგ, რაც 15 აპრილს დეკლარაციები ჩაბარდა 419 მლნ ლარი გადანაწილდა შესაბამის სახეებში და 15 აპრილის მდგომარეობით სხვა გადასახადებში დარჩა 114 მლნ ლარი. დღეის მდგომარეობით სხვა გადასახადები საერთოდ დამინუსებულია. ნურასოდეს გაგვიკვირდება, რომ სხვა გადასახადებში იქნება თანხები მობილიზებული. წლის ბოლოსთვისაც, წლიურად დაახლოებით 500 მილიონ ლარზე მეტს ველოდებით", - განაცხადა კაკაურიძემ კომიტეტზე.
რას მოიცავს „სხვა გადასახადები“? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, როცა 2025 წლის პირველი კვარტალის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან გაირკვა, რომ „სხვა გადასახადების“ გეგმა 261%-ით შესრულდა ანუ ფინანსთა სამინისტრო ელოდა, რომ საანგარიშო პერიოდში 130 მლნ ლარი შევიდოდა სახელმწიფო ბიუჯეტში „სხვა გადასახადების“ სახით, მაგრამ თითქმის 340 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.