მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლოსთვის, ქართული IT-ინდუსტრიის საგარეო შემოსავალი $1 მილიარდამდე გაიზრდება - თორნიკე სულაბერიძე

თორნიკე სულაბერიძე

ბოლო წლებში, ქართული IT-ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. ამას ისიც ადასტურებს, რომ 2023 წლის 1-ელი ნახევრის მდგომარეობით, ინდუსტრიის ექსპორტმა $430 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 194%-ით მეტია, ვიდრე შარშან. ინდუსტრიის ამგვარი ზრდა, დიდწილად, ორ ფაქტორს უკავშირდება, ესენია - საქართველოში რეგისტრირებული საერთაშორისო IT-კომპანიების რაოდენობრივი ზრდა და ჩვენს ქვეყანაში IT-ინდუსტრიაში დასაქმებული მიგრანტების გადმოსახლება.

როგორც საქართველოში რეგისტრირებული ამერიკული IT-კომპანიის, Lineate-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, თორნიკე სულაბერიძე TECH INFORM-ში ამბობს, ქართული IT-ინდუსტრია ზრდას განაგრძობს, ხოლო საგარეო ექსპორტის მაჩვენებელი, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, მილიარდ დოლარს მიაღწევს.

“რამდენიმე წლის წინ, როცა ჯერ კიდევ საჯარო სექტორში ვმუშაობდი და WEB SUMMIT-ზე ქართული კომპანიები პირველად წავიყვანეთ, ქვეყანაში IT-ინდუსტრია მომწიფებული არ იყო, პირიქით - ეს ახალი სექტორი იყო.

მას შემდეგ კი, ქვეყანაში რიგი ცვლილებები მოხდა - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი “საერთაშორისო კომპანიის სტატუსის” შემოღება იყო, რომლითაც ჩვენც ვსარგებლობთ. ამ გადაწყვეტილებამ ბაზარზე დიდი კომპანიების შემოსვლა განაპირობა და მოგვიანებით, ნელ-ნელა ქვეყანაში ძალიან ბევრი კომპანია გადმოვიდა და ვფიქრობ, რომ ინდუსტრიის შედეგები სწორედ ამითაა განპირობებული.

თუ არ ვცდები, მე-3 კვარტალის მდგომარეობით ექსპორტი $600 მილიონს შეადგენს, რაც წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, მილიარდ დოლარამდეც გაიზრდება, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია, რომელიც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. ეს სექტორი საქართველოში იმდენად მზარდია, რომ, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სექტორად ჩამოყალიბდება.

თუმცა მომსახურების ექსპორტის გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ინდუსტრია ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე ანაზღაურების კუთხით”, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ TECH INFORM-ში.

შეგახსენებთ, რომ Lineate-ი ერთ-ერთი პირველი უცხოური კომპანია იყო, რომელმაც საქართველოში “საერთაშორისო კომპანიის სტატუსით” ისარგებლა. ამასთან, Lineate-ი პირველი კომპანია გახლავთ, რომელმაც საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული FDI-გრანტით ისარგებლა და საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები