2024 წლის დასაწყისიდან დღემდე, ქართველი ანტერპრენიორის, მიხეილ ლომთაძის ქონების შეფასებამ 30%-ით, ანუ $1.5 მილიარდით იმატა. ამჟამად, Kaspi.kz-ის მმართველი პარტნიორის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $6.58 მილიარდად აფასებს, რაც 2021 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ მაჩვენებლით, მიხეილ ლომთაძე მიუახლოვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შეფასებას, რომელიც $7.05 მილიარდს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმდიდრესი მოქალაქეა.
მიხეილ ლომთაძის ქონების შეფასების მკვეთრი აღმასვლა პირდაპირ უკავშირდება ცენტრალური აზიის უდიდესი ფინანსური ინსტიტუტის, Kaspi.kz-ის დალისტვას NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე, რომლის შედეგად, კომპანიამ ინვესტორებისგან $1 მილიარდზე მეტი მოიზიდა.
როგორც თავდაპირველად ითქვა, აღნიშნული გარიგებით პირდაპირ სარგებელს მიიღებდა არა Kaspi.kz-ი, არამედ ის აქციონერები, რომლებიც გასაყიდად საკუთარ აქციებს გამოიტანდნენ - ასე მოიქცა მიხეილ ლომთაძეც. ეს გარიგება, მოგეხსენებათ, იანვარში შედგა, მაგრამ მას შემდეგ, Kaspi.kz-ის აქციების ღირებულებამ მკვეთრად იმატა და დღეს, ერთეული ფინანსური ქაღალდი $131-ად ივაჭრება, რაც IPO-ს დროს დაფიქსირებულ $92-იან ფასთან შედარებით, 40%-იან ზრდას წარმოადგენს.
ცნობისთვის: ფინანსური პროდუქტების გარდა, Kaspi-ის აპლიკაციაში შეხვდებით, როგორც ონლაინმაღაზიებს, ასევე ცენტრალურ აზიაში ონლაინგადახდების ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმას, სადაზღვევო პროდუქტებს და ქლაუდ-სერვისებსაც კი. მარტივად რომ ვთქვათ, Kaspi სუპერ აპია, ანუ აპლიკაცია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. გასული წლის სამ კვარტალში, Kaspi-მ $2.83 მილიარდის შემოსავალი და $1.27 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა.