მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წლის განმავლობაში დატვირთულობა 60%-ზე ქვემოთ არ ჩამოდის" - "შავი პომიდორი" ქუთაისში

ქუთაისი

ზაფხულის სეზონის მოლოდინებზე BM.GE-სთან ქუთაისში მოქმედი ჰოსტელის, "შავი პომიდორის" თანადამფუძნებელი, ელენე ზამთარაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს პოზიტიური პროგნოზები ნოემბრის თვემდე შენარჩუნდება.

"შავი პომიდორი" ქუთაისში პირველად 2019 წელს დაფუძნდა, თუმცა პანდემიის პერიოდში ოპერირება შეწყვიტა და გაფართოებაზე დაიწყო მუშაობა - 2023 წლიდან "შავი პომიდორი" ახალ ლოკაციაზე, საფიჩხიის უბანში გადავიდა.

"მაისის თვიდან უკვე დაიწყო ძალიან ცხელი სეზონი, 90-95%-იანი დატვირთულობა შევინარჩუნეთ როგორც სასტუმროში, ასევე რესტორანშიც, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. თუმცა 2023 წლის მონაცემებს ვერ შევადარებთ, რადგან ჩვენი ობიექტი ბოლომდე არ იყო გახსნილი.

2023 წელს მხოლოდ 5 ოთახს ვამუშავებდით და 26 სტუმრის განთავსება შეგვეძლო, წელს კი 9 ოთახში 37 სტუმარს ვიღებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დატვირთულობა გაიზარდა, მაგრამ გასულ წელს ზუსტად ვერ შევადარებთ", - ამბობს ელენე ზამთარაძე.

"შავი პომიდორის" თანადამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ სტუმარმასპინძლობის ობიექტი დატვირთულობას წლის განმავლობაში ინარჩუნებს. ზამთარაძის თქმით, მიუხედავად ე.წ. რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს გაუქმებული ჯავშნებისა, სასტუმრომ ამ დანაკლისის შევსებაც მალევე შეძლო.

"ჩვენი ობიექტი წელიწადის 4-ვე სეზონზე მუშაობს და დატვირთულობა არ იკლებს. რაც "შავი პომიდორი" არსებობს, დატვირთულობა 60%-ზე ნაკლები არ ყოფილა, ზამთრის თვეებშიც კი ამაზე მეტი იყო.

ქვეყანაში რუსული კანონის საპროტესტო აქციების პერიოდში გვქონდა გაუქმებები, ბევრი სტუმარი გვწერდა და გვეკითხებოდა, რამდენად სტაბილური იყო გარემო საქართველოში. თუმცა, ვინაიდან ჩვენი მდებარეობა თბილისიდან მოშორებითაა, ამასაც არ ჰქონია ძალიან დიდი გავლენა: გვქონდა გაუქმებები, თუმცა ამ ჯავშნების ჩანაცვლებაც ძალიან მალე ხდებოდა და ჩვენ ეს დანაკლისი ნაკლებად ვიგრძენით, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ბევრ სასტუმროს შეექმნა დატვირთულობის პრობლემა, როგორც ვიცით", - ამბობს ზამთარაძე.

ტურისტული სეზონის მოლოდინებზე საუბრისას ელენე ზამთარაძე აღნიშნავს, რომ ზაფხულის თვეებთან ერთად, წინასწარი ჯავშნები მომდევნო თვეების განმავლობაში უკვე მიღებულია და მოსალოდნელია, რომ აქტიური სეზონის დასასრულად ნოემბერი ჩაითვლება.

"შავი პომიდორი" 7 პრივატულ ოთახსა და 2 საერთო ტიპის დორმატორიას აერთიანებს. ჰოსტელში განთავსების ღირებულება გასული წლის შემდეგ უცვლელია და პრივატული ოთახის შემთხვევაში 120-დან 240-ლარამდე ჯდება, საერთო საცხოვრებლებში კი ერთი ღამით ერთი საწოლის ღირებულება 40-50 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები