მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის განმავლობაში განთავსება ₾1 ღირს - რამდენი სკაა ტყეებში?

სკა ტყეში

2022 წლის მაისიდან, ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა. მეფუტკრეებს სახელმწიფო ტყეში 1 სკის წლის განმავლობაში განთავსება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შეუძლიათ.

როგორც BMG-ს ეროვნულ სატყეო სააგენტოში განუცხადეს, დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ტყეში 13 772 სკაა განთავსებული.

სააგენტოს ინფორმაციითვე, 2022 წლიდან დღემდე, ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად 88 ბრძანებაა გაცემულია. ეროვნულ სატყეო სააგენტოში მეფუტკრეებისგან შესული თანხა კი 23 194 ლარია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ტყის ახალი კოდექსიდან გამომდინარე, ტყის რესურსისა და მიწებით კომერციული მიზნით სარგებლობა ფასიანია, შესაბამისად, სარგებლობის ღირებულება სიმბოლური 1 ლარით განისაზღვრა, ახლო მომავალში კი, ტარიფების გადახედვა არ იგეგმება. სააგენტოს თანახმად, უფლებით სარგებლობის შემთხვევაში რაიმე სახის სამართალდარღვევა არ გამოვლენილა.

სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობა 2022 წლის მაისიდან, “ტყითსარგებლობის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის N221 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, დარეგულირდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს განმარტებით, ცვლილება ხელს შეუწყობს თაფლის მიკვლევადობას და მეფუტკრეებს საშუალებას მისცემს ექსპორტზე სერტიფიცირებული პროდუქცია გაიტანონ.

აღსანიშნავია, რომ ტყის კოდექსსა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესული ცვლილებების შედეგად, ასევე გათვალისწინებულია 2026 წლიდან ე.წ. სოციალური ჭრის აკრძალვა. შესაბამისად, მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის და საშეშე მასალის ყიდვა ე.წ. საქმიან ეზოებში მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები