მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის I ნახევარში თბილისში $2 მილიარდის 22 799 ბინა გაიყიდა - Galt & Taggart

უძრავი ქონება

Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ივნისის განახლების თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში, თბილისში სულ 22,799 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+26.6% წ/წ).

მიმოხილვა აჩვენებს, რომ ივნისში მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა მეორად ბაზარზე 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია.

კვლევის თანახმად, მიწოდების მხარეს, ზედიზედ 8 თვიანი შემცირების შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია.

ამასთან, ფასმა პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით ზრდა განაგრძო, ხოლო მეორად ბაზარზე შემცირდა, რაც აპრილის მკვეთრი ზრდის შემდეგ სტაბილიზაციაზე მიუთითებს.

კვლევის დეტალური მიგნებები ასეთია:

მოთხოვნა

2026 წლის ივნისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,503 შეადგინა, აქედან:

• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 22.3%-ით გაიზარდა და 2,224 შეადგინა (2026 წლის პირველ ნახევარში +16.2% წ/წ), რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური ნიშნულია.

• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 52.6%-ით გაიზარდა და 2,279 შეადგინა (2026 წლის პირველ ნახევარში +19.1% წ/წ).

Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით [მოიცავდა 100-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს თბილისში - ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 50%-ს], რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის ივნისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 54.4%-ით გაიზარდა, ნაწილობრივ დაბალი ბაზის ეფექტის გამო. (2026 წლის პირველ ნახევარში +33.5% წ/წ).

2026 წლის პირველ ნახევარში, თბილისში სულ 22,799 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+26.6% წ/წ).

მიწოდება

2026 წლის ივნისში, ზედიზედ 8 თვის განმავლობაში შემცირების შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი მნიშვნელოვნად, წლიურად 225.3%-ით გაიზარდა (300,095 კვ.მ 29 საცხოვრებელ პროექტში) და 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია.

ზრდის მიუხედავად, ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად 7.3%-ით არის შემცირებული და 94 პროექტში 818 ათას კვ.მ-ს შეადგენს.

ფასები

2026 წლის ივნისში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით, თვიურად 0.3%-ით გაიზარდა 1,417 აშშ დოლარამდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 1.5%-ით შემცირდა და 1,345 აშშ დოლარი შეადგინა, რაც აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი, 5% ზრდის შემდეგ ნაწილობრივ სტაბილიზაციაზე მიუთითებს.

ქირა

2026 წლის ივნისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულ მეტრზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა (+1.4% თვიურად), ქირის ამონაგებმა კი - 8.5%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები