ნახევარგამტარების ინდუსტრიის ტიტანი TSMC ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან 6 მილიარდ 600 მილიონი დოლარის სუბსიდიას მიიღებს, რომლის სანაცვლოდ ის არიზონას შტატში ახალ ქარხნებსა და საწარმოებს ააშენებს.
საგადასახადო შეღავათებისა და გრანტების სანაცვლოდ, TSMC-მ უნდა უზრუნველყოს აშშ-ის ეკონომიკაში 65 მილიარდი დოლარის ინვესტირება და საწარმოო პროცესის სრულად გამართვა.
TSMC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 746 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მე-9 უმსხვილესი კომპანიაა.
ე.წ. CHIPS Act-ის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობამ უკვე გასცა მრავალმილიარდიანი სუბსიდიები Samsung-ზე, Intel-სა და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რომლებიც ნახევარგამტარების წარმოების ინდუსტრიაში მოღვაწეობენ. თავად ამ სექტორს ამერიკისთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამიტომ ზესახელმწიფო ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მოპოვებას და თვითკმარი ეკოსისტემის შექმნას ცდილობს, რათა მიწოდების ჯაჭვის ჩავარდნით მისმა გეოპოლიტიკურმა მეტოქეებმა, მათ შორის, ჩინეთმა და რუსეთმა ბოროტად არ ისარგებლონ.