ტაივანური ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტმა, TSMC-მ მეორე კვარტალის სრული ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 933.79 მილიარდი ახალი ტაივანური დოლარის შემოსავალი მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა 1.27 ტრილიონი შეადგინა ($39.45 მლრდ), რაც 36%-იან ზრდას ნიშნავს და მცირედით აღემატება Wall Street-ის ანალიტიკოსების 1.264-ტრილიონიან პროგნოზს.
საყურადღებო ფაქტია, რომ კომპანიის წმინდა მოგება წლიურად 77.4%-ით გაიზარდა და 706.56 მილიარდი ახალი ტაივანური დოლარი შეადგინა. ამ შედეგით ტაივანურმა მწარმოებელმა LSEG SmartEstimates-ის 632.64-მილიარდიან მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
რაც შეეხება ყველაზე შემოსავლიან მიმართულებას, ჩიპების მწარმოებელი გიგანტისთვის ბოლო 3 თვეში ყველაზე წარმატებული 7-ნანომეტრიანი და უფრო მცირე ზომის ნახევარგამტარების მიმართულება აღმოჩნდა, რაზეც მთლიანი გაყიდვების 77% მოვიდა.
ცნობისთვის, TSMC-ს ძირითადი კონტრაქტორი კომპანიები ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები, Nvidia, Apple-ი და Broadcom-ი არიან.




























