ნახევარგამტარების მწარმოებელმა ტაივანურმა გიგანტმა, TSMC-იმ ყოველთვიური გაყიდვების 30%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გლობალურ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნის შედეგია.
Bloomberg-ის გათვლებით, კომპანიის შემოსავალმა მაისში $13.2 მილიარდი შეადგინა, ხოლო აპრილისა და მაისის ერთობლივი გაყიდვების მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 24%-ით გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ანალიტიკოსები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაყიდვების მოცულობის 35%-იან ზრდას ელიან.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აზიის უმსხვილესი კომპანია ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა, რადგან ის უახლესი თაობის ნახევარგამტარებს ისეთი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიც Nvidia, AMD და Apple არიან.
ცნობისთვის, TSMC-ის გენერალურმა დირექტორმა, სი სი ვეიმ მიმდინარე თვის დასაწყისში აქციონერებს განუცხადა, რომ ჩიპების გლობალური მიწოდება არსებულ მოთხოვნას მომავალი წლების განმავლობაშიც ვერ დააკმაყოფილებს, რასაც მანამდე Nvidia-ს ხელმძღვანელმა, ჯენსენ ჰუანგმაც გაუსვა ხაზი. ამასთან, ტაივანურმა გიგანტმა მიმდინარე წლის აპრილში მთლიანი წლის გაყიდვების პროგნოზიც გაზარდა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს კაპიტალური ხარჯები ადრე განსაზღვრული საპროგნოზო დიაპაზონის მაქსიმალურ ნიშნულთან ახლოს იქნება.
გაზრდილი შემოსავლების ფონზე, TSMC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.2 ტრილიონს აჭარბებს.




























