მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ცნობილი უნდა გახდეს - რომელმა კომპანიამ შეიტანა საწვავი აფხაზეთში“ | რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ექსდეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიმწოდებელი კომპანიის სახელი ცნობილი უნდა იყოს.

„დაუყოვნებლივ უნდა გახდეს ცნობილი, რომელმა კომპანიამ რა რაოდენობის საწვავი შეიტანა აფხაზეთში“, - დაწერა მან 12 აგვისტოს Facebook-ის პირად გვერდზე, დღეს კი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს კომპანია სერიოზული სამართლებრივი და მორალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

რომან გოცირიძე ტყუილს უწოდებს ოკუპირებული რეგიონისთვის საწვავის მიწოდების ჰუმანიტარულ აქტად წარმოჩენას და ამბობს, რომ ამგვარად დაირღვა, როგორც ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, ასევე რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები.

"ოცნების ხელისუფლებამ აფხაზეთში საწვავის შეტანა იმით გაამართლა, რომ არ ირღვევა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მან გასცა ნებართვა რომელიმე ქართულ კომპანიაზე, რომ შეეტანა საწვავი აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა არავინ იცის ეს სქემა როგორ იქნება გამოყენებული და არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ ხელი გაუმართა, ასე ვთქვათ, მეგობარ სახელმწიფოს ამ მძიმე დროს. ვიცით რა ჩრდილოეთ კავკასიაში საწვავის როგორი დეფიციტია, განსაკუთრებით კრასნოდარის მხარეში და არავინ იცის ეს ნავთობი აფხაზეთში დარჩა და იქ გამოიყენეს თუ რუსეთში გადავიდა. მაგრამ მთლიანად აფხაზეთშიც რომ ყოფილიყო გამოყენებული ეს არღვევს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და საერთაშორისო სანქციებს.

აფხაზეთში ბენზინგასამართ სადგურების ქსელის უდიდესი ნაწილი ეკუთვნის ორ რუსულ კომპანიას, ერთია - "როსნეფტი", მეორე ასევე "როსნეფტის" ყოფილი დირექტორის მიერ დაფუძნებული კერძო კომპანია, რომლებიც არღვევენ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ვინაიდან ისინი აფხაზეთში, ამ კანონის დარღვევით მრავალი წელია მუშაობენ და თავად როსნეფტი, რომელიც 100%-ით ამარაგებს აფხაზეთს, დასანქცირებული კომპანიაა. სხვა ბენზინგასამართ სადგურებს აფხაზეთში უმნიშვნელო როლი აქვთ, ისევე როგორც ნავთობბაზები აფხაზეთში მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშაა. ეს იმას ნიშნავს რომ ორი კანონი დაირღვა - ერთი საერთაშორისო სანქციების, როდესაც ქართულმა კომპანიამ რუსულ კომპანიას მიაწოდა საწვავი და მათ შორის სანქცირებული "როსნეფტს" და მასთან აფილირებულ კომპანიას, მეორე მხრივ დაირღვა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რადგან ეს კომპანიები მოქმედებენ უნებართვოდ, საქართველოს ხელისუფლების კანონის დარღვევით.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, საწვავი ომის დროს იარაღია და აფხაზეთი არის მოკავშირე აგრესორი რუსეთისა, რომელიც ეწევა ომს უკრაინის წინააღმდეგ. აფხაზეთი მეომრები, ისევე როგორც აფხაზეთში განლაგებული სამხედრო ტექნიკა ემსახურებიან რუსეთის სისხლიან სამხედრო მანქანას, ამიტომ გამართლება რომ ეს სოციალური, ჰუმანური აქტია, ტყუილია. ვინაიდან ნავთობის კრიზისის პირობებში, მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე რუსეთში, რომელიც ნელ-ნელა ღვივდება და ამიტომ ხორციელდება დარტყმა იმ სავაჭრო ობიექტებზე „ვაილდბერიზი“ იქნება თუ სხვა საწყობები, საიდანაც ხდება საქონლის განაწილება, აზიანებს რუსეთის ეკონომიკას და სოციალურ განწყობებს ქმნის. ამ განწყობების ხელისუფლების სასარგებლოდ შენარჩუნება საწვავის კრიზისის გადაჭრაში საქართველოს მონაწილეობით ეს ფაქტობრივად რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერაა უკრაინაში გამართული სისხლიანი ომის პირობებში.

კომპანია, რომელმაც ეს ჩაიდინა, და ეს იქნება ხელისუფლებასთან დაკავშირებული რომელიმე ნავთობიმპორტიორი, ძალიან სერიოზული სამართლებრივი და მორალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. მორალურად მას მოღალატე ჰქვია. ის უკრაინის მტერია. რატომ არ შეაქვს რუსეთს საწვავი აზერბაიჯანიდან, პირდაპირ ესაზღვრება, რატომ არ აკეთებს ამას აზერბაიჯანი და რატომ აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლება ჰუმანური? იმიტომ რომ ეს არის საბურველი თითქოსდა აფხაზეთის მოსახლეობის დახმარების მიზნით რუსეთში არსებული კრიზისში გადაჭრისა. საერთოდ რუსეთში რომ არ შევიდეს ეს საწვავი, რუსეთი იძულებულია აფხაზეთი, როგორც თავისი სატელიტი მოამარაგოს. ის საწვავი, რომელიც აფხაზეთში მან დაზოგა, სწორედ საქართველოდან შესული სხვათა შორის ევროპული საწვავით, ის გამოყენებული იქნება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო საჭიროებისთვის.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ტიპის საწვავი შევიდა. თუ ეს დიზელის საწვავია, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების მხარდაჭერა ხდება.

საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უღალატა ქართველ ხალხს. ხოლო ფულზე დახარბებული ეს უზნეო ბიზნესმენები აგებენ პასუხს, ჯერ საერთაშორისო სასანქციო პირობებში, მომავალში კი სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ აიცილებენ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები