"ოცნების" მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი "იგლ ჰილს საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დაინიშნენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კომპანიის დამფუძნებელმა აქციონერმა, მოჰამედ ალაბარმა მიიღო. აღნიშნული შესაძლებელი გახადა მეწარმეთა კანონში გასულ კვირაში შეტანილი ცვლილებით, რომლითაც საჯარო მოხელეებს უფლება მიეცათ დაიკავონ ისეთი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობა, სადაც სახელმწიფო აქციათა 50%-ზე ნაკლებს ფლობს.
ასევე, განახლდა Eagle Hills საქართველოს წესდება, სადაც ასახულია კომპანიის სააქციო კაპიტალის ცვლილება და მისი 33.33%-ის სახელმწიფოსთვის გადაცემა.
გარდა ირაკლი ნადარეიშვილისა და თორნიკე ზირაქიშვილისა, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არიან:
- მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი;
- რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი;
- ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი.
ამასთან, კომპანიის დირექტორის პოსტს 2025 წლის აპრილიდან ეგვიპტის მოქალაქე, ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი იკავებს.
არაბული კომპანია Eagle Hills საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ორ მასშტაბურ პროექტს გეგმავს:
- თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (590 ჰექტარი):
კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები. - გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი):
პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას.
"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელი არის იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ასევე UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ის, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე არის მილიარდერი მოჰამედ ალაბარი. კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს ეგვიპტის მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი იკავებს.
სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.




























