მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ცოდნა ადამიანებს ეხმარება, ინვესტიცია უფრო თავდაჯერებულად განახორციელონ” - Barclays-ის CEO

barclays

Barclays-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანცესკო ჩეკატომ, Euronews-თან ინტერვიუში ევროკავშირში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო ინვესტიციების განვითარება აუცილებელია, თუ კომპანიის მიზანი ფინანსების ინოვაციებში დაბანდებაა.

გარკვეული პერიოდია, ევროკავშირი ბლოკის წევრი ქვეყნების ბაზრების კონსოლიდაციაზე საუბრობს, რათა მოსახლეობისთვის საინვესტიციო შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში საკმაოდ მაღალ პოზიციებზე დგას. როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზეა ეს პროცესი და წელს ამ მიმართულებით რისი გაკეთებაა საჭირო? ამასთან ერთად, ხომ არ ფიქრობთ, რომ არსებობს კონკრეტული მიმართულება, რომლისთვისაც EU-მ მეტი ფინანსები უნდა გამოყოს?

“კაპიტალის ბაზრების გაერთიანების პროექტი და ზოგადად, კაპიტალის ბაზარზე კონცენტრირება, მომდევნო პარლამენტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს. ისევე როგორც კონკურენტუნარიანობა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კომპანიებს სჭირდებათ კაპიტალის ბაზრის ჟანგბადი იმისთვის, რომ ინვესტიცია ზრდასა და ინოვაციაში ჩადონ. აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც კომპანიას ზრდისა და ინოვაციების დასაფინანსებლად საჭირო სახსრები აღარ ექნება და მხოლოდ დამფუძნებელთა კაპიტალსა და საბანკო დაფინანსებაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე ფიქრი აუცილებელია”, - განაცხადა ფრანცესკო ჩეკატომ.

Euronews.business-ის რედაქტორის, ანჯელა ბარნსის კითხვა ევროკავშირის მასშტაბით ფინანსური ცნობიერების ამაღლებასაც შეეხებოდა, რაც ბლოკისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რისთვისაც სხვადასხვა პროექტი უკვე შემუშავებულია.

ევროპული კომისია ასევე ძალიან მკაფიოა თავის მიზანში, გაზარდოს ფინანსური განათლება ბლოკის ახალგაზრდა მცხოვრებლებში. ამ მიმართულებით კომისიას არაერთი სამუშაო ჩარჩო აქვს შედგენილი, რაც ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი და ამჟამად როგორი განწყობაა ინვესტირების კუთხით ევროპის მოსახლეობაში?

“ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ევროპაში საოჯახო აქტივების 34% ბანკში დეპოზიტების სახით ინახება. მათი მხოლოდ მცირე ნაწილის გამოყენებაც კი ზრდისა და ინოვაციის უზარმაზარ შესაძლებლობას იძლევა. კვლევის თანახმად, ამ აქტივების 5%-ის განკარგვაც კი ევროკავშირში არსებულ საწარმოო კაპიტალში 2 ტრილიონ ევრომდე სხვაობას მოგვცემს.

სწორედ ამიტომ, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ცოდნა ადამიანებს ეხმარებათ, ინვესტიცია უფრო თავდაჯერებულად განახორციელონ. გვჭირდება, რომ კაპიტალის ბაზრის გაუმჯობესებით საინვესტიციო პროექტების მარაგი გვქონდეს, თუმცა ამავე დროს, ჭარბ მიწოდებას ასეთივე მოთხოვნით უნდა ვუპასუხოთ, რასაც მოსახლეობის განათლებით შევძლებთ, თუ მათ საინვესტიციო თავდაჯერებულობას შევძენთ”, - განაცხადა Barclays-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები