მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თსსუ-ს არცერთი პროგრამა არ იხურება, რამდენ უცხოელ სტუდენტს მივიღებთ ჯერ ზუსტად არ ვიცით - რექტორი

ნატროშვილი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) წელს უცხოელ სტუდენტებს მიიღებს, თუმცა ზუსტად რამდენს ამას ჯერჯერობით მისი რექტორი ირაკლი ნატროშვილი ვერ ამბობს. როგორც ნატროშვილმა BMG-ის უთხრა, უნივერსიტეტის არცერთი პროგრამა არ იხურება.

"იმთავითვე ნათქვამი იყო, რომ ზოგიერთ პროგრამაზე ინტერნაციონალიზაციის შენარჩუნების მიზნით, გარკვეული რაოდენობა საერთაშორისო სტუდენტების დაშვებული იქნებოდა. ეს მიდგომა რჩება. [წელს იგივე რაოდენობა სტუდენტების] არ იქნება. კვოტებით განისაზღვრება და ნაკლები იქნება. ჯერ არ ვიცით [რამდენით ნაკლები სტუდენტი იქნება], დაითვლება ეს ყველაფერი და გვეცოდინება ცოტა ხანში. ეს ხომ ახალი გადაწყვეტილებაა და საბოლოო რიცხვი არ ვიცით. არცერთი პროგრამა არ იხურება, ოღონდ რა რაოდენობის საერთაშორისო სტუდენტებს მიიღებს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ამის რიცხვი ჯერ არ მაქვს", - ამბობს ნატროშვილი.

მისივე თქმით, გასულ წელს უნივერსიტეტმა დაახლოებით 700 უცხოელი სტუდენტი მიიღო. კითხვაზე თუ უნივერსიტეტი ნაკლებ უცხოელ სტუდენტს მიიღებს, ფინანსურ დანაკლისს ბიუჯეტიდან აინაზღაურებს, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პასუხობს:

"სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის და ამისთვის რაც საჭიროებებიც აქვს უნივერსიტეტს იმას დაუფარავს. სახელმწიფოს მიზანია, და ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით ამაში, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ქართველი სტუდენტების მომზადების ხარისხი. კონკრეტულად სტუდენტების რაოდენობა და კვოტები ჯერ განსაზღვრული არ არის, ამაზე დავილაპარაკებთ და ცოტა ხანში გვეცოდინება", - ამბობს ნატროშვილი.

დღეს, 13 თებერვალს, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით, საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შეექმნებოდა. მისივე თქმით, უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის.

"მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი. შესაბამისად, უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით, საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შეექმნებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ. შესაბამისად, ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის არავითარ რისკს არ ქმნიან", - ამბობს კობახიძე.

არადა გასული წლის ბოლოს კობახიძე ამბობდა, რომ უცხოელ სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტში არ უნდა ესწავლათ და ისინი მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებს უნდა მიეღოთ.

"უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა. ეს იქნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, დაახლოებით 80 მილიონი იქნება დანაკლისი, საიდანაც 5 მილიონს დაიკომპენსირებს, თუმცა ქვეყანაში დარჩება ეს ფული, მაგრამ გადანაწილდება კერძო უნივერსიტეტებზე. რაც ექნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტს და რაც არის დასაკომპენსირებელი, ჩვენ უნდა დავაკომპენსიროთ და ამის რესურსი არსებობს", - განაცხადა კობახიძემ 2025 წლის ნოემბერში პარლამენტში გამოსვლისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები