უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით, საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შეექმნებოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის.
„საქართველოში სწავლობს 37 000 უცხოელი სტუდენტი, რომელთა უმრავლესობა ინდოეთის მოქალაქეები არიან. სტუდენტების 7% არიან იორდანიიდან, 6% ისრაელიდან, 5% სუდანიდან, ხოლო 3-3% - პაკისტანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ეგვიპტიდან. ერთი უცხოელი სტუდენტი, სწავლის გადასახადის სახით, წელიწადში საშუალოდ 15,500 ლარს იხდის და ქვეყანაში დამატებით 16,300 ლარს ხარჯავს. მთლიანობაში, უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის.
გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი. შესაბამისად, უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით, საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შეექმნებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ. შესაბამისად, ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის არავითარ რისკს არ ქმნიან,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ცნობისთვის, მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ მისაღებ სტუდენტთა კვოტები განსაზღვრა. სამედიცინო უნივერსიტეტი წელს 2105 სტუდენტს მიიღებს, მათ შორის მითითებულია უცხოენოვანი პროგრამებიც.
სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ მისაღებ სტუდენტთა კვოტები და პროგრამები 2026-2027 სასწავლო წლისთვის შემდეგნაირია:
| დიპლომირებული მედიკოსი | 900 |
| დიპლომირებული სტომატოლოგი | 300 |
| ფარმაცია | 80 |
| საზოგადოებრივი ჯანდაცვა | 80 |
| ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია | 80 |
| საექთნო საქმის ბაკალავრის ქართულ-ავსტრიული პროგრამა | 250 |
| სამეანო საქმე | 200 |
| საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი | 75 |
| ფარმაცია (ინგლისურენოვანი) | 20 |
| დიპლომირებული მედიკოსი (რუსულენოვანი) | 20 |
| დიპლომირებული სტომატოლოგი (ინგლისურენოვანი) | 20 |
| დიპლომირებული სტომატოლოგი (რუსულენოვანი) | 20 |
| დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი) | 20 |
| ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია (ინგლისურენოვანი) | 20 |
| დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა (ინგლისურენოვანი) | 20 |




























