თსუ-ს ეზოში სტუდენტების ნაწილმა კარვები გაშალა და ღამის იქ გათევას აპირებენ.
როგორც სტუდენტები მედიასთან აცხადებენ, ისინი გარდა არჩევნებში გაყალბებული ხმების დაბრუნებისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომასაც ითხოვენ, რადგან ის არც სტუდენტების და არც უნივერსიტეტის გვერდით არ დგას.
"აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი დავიცვათ. ეს იქნება პატარა სტუდენტური ქალაქი, სადაც ნებისმიერ სტუდენტს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი უნივერსიტეტიდან იქნება, შესაძლებლობა ექნება, რომ მოვიდეს, ჩვენთან ერთად გააპროტესტოს წართმეული არჩევნები.
ასევე, ვითხოვთ, რომ თსუ-ს უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია გადადგეს, რადგან ნათლად გამოჩნდა, რომ ეს რექტორი და მისი ადმინისტრაცია არ დგას უნივერსიტეტების და სტუდენტების მხარეს. ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ დავიბრუნოთ წართმეული არჩევნები. მოგიწოდებთ უნივერსიტეტის სტუდენტებს, განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომ მოხვიდეთ, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და ასე დავიბრუნოთ წართმეული ხმები და საქართველო დავაყენოთ ევროპის გზაზე",- განაცხადა თსუ-ს სტუდენტმა.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე სამი ღამე გაათენეს. ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. 19 ნოემბრის დილას საპოლიციო ძალებმა გამზირზე მყოფი დემონსტრანტები ძალისმიერი გზით დაშალა, რასაც წინ უძღოდა შსს-ს მოწოდება ტერიტორიის გათავისუფლების მოთხოვნით.