საქართველოს მთავრობამ თბილისში ქეთევან დედოფლის გამზირზე, თსუს ყოფილი მეშვიდე კორპუსის უძრავი ქონება - 8385 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი IBSU-ს გაუცვალა აეროპორტის გზატკეცილზე შავი ზღვის უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ მშენებარე კამპუსსა და 101,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთში. შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონება ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.
აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მთავრობა ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობას გეგმავს. მთავრობის განკარგულების თანახმად, IBSU-ს მიწის მონაცველობის ღირებულების სხვაობის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით 44 550 ლარის გადახდა დაევალა.
საჯარო რეესტრში თსუ-ს მიერ სახელმწიფოსთვის ამ ქონების გადაცემა 2025 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა, ხოლო მთავრობის 18 დეკემბრის განკარგულებით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამ უძრავი ქონების IBSU-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში გაცვლის უფლება მიეცა, 29 დეკემბერს კი ამ ქონების მესაკუთრედ შავი ზღვის უნივერსიტეტი დარეგისტრირდა.
თავის მხრივ, 2025 წლის აგვისტოში მესაკუთრე შეეცვალა IBSU-ს, რომლის მესაკუთრეც სეუ-ს დამფუძნებელი გია კავთელიშვილი გახდა. იქამდე, 2023-2025 წლებში უნივერსიტეტის მფლობელი, კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა შენგელია იყო.
მიწის გაცვლის ოპერაციის შედეგად, სრულად სახელმწიფო საკუთრებაში მოექცა 270,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობა იგეგმება. თუმცა, თავის მხრივ 2026 წლის ბიუჯეტში ამ პროექტის მშენებლობის დაფინანსების საკითხი განსაზღვრული არაა.





























