მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცუდი კვარტალური შედეგების ფონზე PayPal-ის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

pay

ფინ-ტექ ინდუსტრიის გიგანტმა, PayPal-მა 2025 წლის მე-4 კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, კომპანიამ ანალიტიკოსების მოლოდინების გამართლება ვერ შეძლო და მხოლოდ $8.68 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც პროგნოზებს $120 მილიონით ჩამორჩება.

შემცირებულმა მოგებამ გავლენა იქონია ინვესტორებისთვის გასაცემი დივიდენდების მოცულობაზეც და ერთ აქციაზე $1.23 დოლარი შეადგინა.

ეს მაშინ, როცა ანალიტიკოსები $1.28 დოლარს მოელოდნენ. განსაკუთრებით მოულოდნელი იყო კომპანიის პროგნოზი 2026 წლის ზრდასთან დაკავშირებით. ექსპერტები მოელოდნენ, რომ PayPal-ის ზრდა მომდევნო 12 თვის განმავლობაში 8%-ის ფარგლებში იქნებოდა, თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ 1-2%-ზე დიდ ზრდას ფისკალურ 2026 წელს არ მოელიან.

ფინ-ტექ კომპანიაში განმარტავენ, რომ მსგავსი მძიმე მოლოდინები ამერიკული ეკონომიკის K ნიშნით განვითარებით არის განპირობებული. განმარტებისთვის, საუბარია ისეთ ზრდაზე, როცა მოსახლეობის მდიდარი ნაწილი გამდიდრებას აგრძელებს, შედარებით ნაკლებად შეძლებული საზოგადოება კი კიდევ უფრო ღარიბდება. ცნობისთვის, PayPal-ის ძირითადი სეგმენტი სწორედ ეს ბოლო კატეგორიაა. შესაბამისად, მათი მსყიდველუნარიანობის კლება უარყოფითად აისახება ფინ-ტექ სექტორის, მათ შორის, აღნიშნული კომპანიის შემოსავლებზე.

მძიმე შედეგების ფონზე, თანამდებობა დატოვა PayPal-ის ხელმძღვანელმა, ალექს კრისმა, რომელიც კომპანიის პრეზიდენტის უფლება-მოსილებებს პირველი მარტიდან კომპიუტერების მწარმოებელ ტექ-გიგანტ HP-ს ყოფილ მმართველს, ენრიკე ლორესს გადააბარებს. შემოსავლების კლების, სკეპტიკური პროგნოზებისა და ხელმძღვანელის გადადგომის ფონზე, PayPal-ის აქციების ფასი ერთიანად 20%-ით შემცირდა, რაც ფინ-ტექ კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი შედეგია. ამჟამად, PayPal-ის კაპიტალიზაცია $39.02 მილიარდამდეა შემცირებული. ერთი აქციის ღიღებულება კი $41.70 დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები