„ცუდია ძალიან”, – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ღირსეული პარტნიორის” სწავლების განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ დასმულ კითხვას. მას აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ მისთვის მიზეზი გაუგებარია.
საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი კი აცხადებს, რომ „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადების გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის. ელჩმა აღნიშნა, რომ თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება ძალიან მკაფიო იყო მიზეზებთან დაკავშირებით. მისი თქმით, აშშ-ს არ სურს ამ პოზიციაში ყოფნა, თუმცა ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის წინაპირობა მმართველი პარტიის წევრების საჯარო განცხადებები გახდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობების ხელახლა ბალანსირება მოხდება.