თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოიგებს სასამართლო დავას, რომელსაც შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ის წინააღმდეგ იწყებს.
როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, სამწუხაროა ის ქმედებები, რომელსაც ასეთი რეპუტაციის მქონე ბანკი მიმართავს.
„ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი რეპუტაციის მქონე, ამხელა ბანკი ასეთ ქმედებებს ახორციელებს. ეს, რა თქმა უნდა, არის შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო. როდესაც ხარ მართალი, ყველგან შეგიძლია შენი სიმართლე გაიტანო ბოლომდე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაშიც ის იქნება გამარჯვებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს უჩივის, რადგანაც ბანკმა აშშ-ის სანქციები მისი ოჯახის წევრებზე და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზეც განავრცო.
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს პერსონალური ფინანსური სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. როგორც ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი, ივანიშვილს Julius Baer-თან პრობლემები სანქციების დაწესებამდეც ჰქონდა, რადგანაც ბანკმა მას მიმართა ანგარიშის შეჩერების მოთხოვნით იქიდან გამომდინარე, რომ ის პოლიტიკურად აქტიურ პირს წარმოადგენდა. აშშ-ის სანქციების შემდეგ კი ბანკმა ივანიშვილის ოჯახის წევრების და მათ მიერ დაფუძნებული კომპანიების ანგარიშების მომსახურებაც შეაჩერა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ იავნიშვილს ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ოჯახის წევრებზე აქვს გაფორმებული, მაგალითად ქართუ ბანკი, ქართუ ფონდი და ქართუ ჯგუფი მისი შვილის უტა ივანიშვილის საკუთრებაშია, ხოლო თანაინვესტირების ფონდი მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაშია.
უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.




























