მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცუკერბერგის ქონება $200 მილიარდამდე გაიზარდა - META-ს კაპიტალიზაცია რეკორდულ ნიშნულზეა

მარკ ცუკერბერგი

Facebook-ის დამფუძნებლის და Meta-ს გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება 200 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და მან მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა.

კომპანიის ბოლოდროინდელი წარმატება Meta Connect-ის ღონისძიებაზე ახალი პროდუქტის - გაფართოებული რეალობის სათვალის, Orion-ის წარდგენას უკავშირდება. ამ მოწყობილობის მიზანი ვირტუალური სამყაროს რეალობაში გადმოტანაა და ის ჯერაც პროტოტიპის ეტაპზეა, თუმცა თუ ცუკერბერგს დავუჯერებთ, მომავალში ის სმარტფონებსა და ტელეფონებს გაუწევს კონკურენციას.

გარდა ამ ინოვაციური პროდუქტისა, Meta-მ საზოგადოებას ახალი თაობის VR-სათვალეც წარუდგინა - Quest 3S, რომელიც საბაზისო Quest 3-ს ჩაანაცვლებს და უკეთესი ტექნიკური მახასიათებლებითაა აღჭურვილი.

მართალია, მეტავერსის შექმნის მიმართულებით კომპანიას დიდი პროგრესი არ აქვს და ეს იდეა, ჯერჯერობით, მხოლოდ $60-მილიარდიანი საოპერაციო ხარჯის მომტანი აღმოჩნდა, თუმცა ცუკერბერგი ირწმუნება, რომ Reality Labs-ის საქმიანობის ნაყოფს საზოგადოება მალე იხილავს, რადგან ახლა უკვე საქმეში ხელოვნური ინტელექტიც ჩაერთო.

უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-ის Meta-დ გარდაქმნის შემდეგ, კომპანიამ მეტავერსის შექმნის და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგა. ამ პროცესმა კომპანიას მნიშვნელოვანი წარმატებაც მოუტანა, მაგალითად: 2022 წლის მინიმალური ნიშნულიდან დღემდე Meta-ს აქციების ღირებულება 500%-ითაა გაზრდილი, ხოლო კომპანიის საბაზრო შეფასება ამჟამად 1 ტრილიონ 450 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც Meta-ს არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია. ამ შედეგით Meta-ს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-7 ადგილი უჭირავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები