„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით მიიღო „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად, ჩნდება სპონტანური აქციის ცნება და მსგავსი შეკრების ჩასატარებლად სავალდებულო ხდება მუნიციპალიტეტის წინასწარ გაფრთხილება.
კანონპროექტის თანახმად, სპონტანური შეკრება/მანიფესტაცია არის ისეთი შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო და რომლის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. მსგავსი აქციის წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება აქვს შეკრების ორგანიზატორს, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი, აგრეთვე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
„განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება განისაზღვროს გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი“, - წერია ცვლილებების პროექტში, მაგრამ ბუნდოვანია, რა შეიძლება ჩაითვალოს გონივრულ ვადად.
ამასთან, გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს:
ა) შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი, დაწყებისა და დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა;
ბ) პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო.
გ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების მიერ აქციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.
გარდა ამისა, „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში“ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, იკრძალება:
შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, რკინიგზის ბლოკირება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იმგვარი სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება, რომლის შეფერხებაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და მნიშვნელოვნად შეაფერხებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას.
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს აეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები არამხოლოდ ტრანსპორტის გადაადგილებისათვის, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ ხალხის გადაადგილებისთვისაც.
დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
ცვლილებების ინიციატორები არიან "ოცნების" დეპუტატები არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და რატი იონათამიშვილი.