მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ცვლილებების დრო - ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე სწორი დროა“ - ოლეგ ოსინოვსკი

ოლეგ ოსინოვსკი

ესტონელ ბიზნესმენი, Skinest Group მმართველ პარტნიორი, რომელსაც ბიზნეს ინტერესები საქართველოშიც აქვს, მიაჩნია რომ ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო დრო ცვლილებების დროა. ასე პასუხობს ოლეგ ოსინოვსკი BMG tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“, წამყვანისა და ავტორის გიორგი ისაკაძის კითხვას - როგორ უნდა იმოქმედოს ბიზნესმა მსოფლიოსა და ევროპაში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე.

ოლეგ ოსინოვსკი ამბობს, რომ ბიზნესი ყველაზე მეტად სწორედ ცვლილებების დროს იზრდება. ესტონელი ბიზნესმენი განმარტავს: „ახლა ბიზნესის საკეთებლად სრულიად შესანიშნავი დროა. ზოგადად, ბიზნესი მაშინ უნდა აკეთო, როდესაც ცვლილებები ხდება, როდესაც ცვლილებები მოდის. მაშინ ზრდის ტემპები ნამდვილად შეიძლება დიდი იყოს. დიახ, ვიღაც, რა თქმა უნდა, ამ დროს კარგავს, მაგრამ ვიღაც პოულობს კიდეც. ცვლილებების დრო - ყველაზე სწორი დროა ბიზნესის შექმნისთვის, განვითარებისთვის. ჩვენ ხომ გამოვიარეთ საბჭოთა კავშირის დაშლიდან და დღემდე პერიოდი - ყველაფერი ვიცით. ანუ ყველა ქონება ცვლილებების დროს იქმნება“.

ბიზნესმენი რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, ევროკავშირში არსებულ ვითარებას აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი ჯგუფი 50 კომპანიით მსოფლიოს 22 ქვეყანაში მუშაობს. „სამყარო, რა თქმა უნდა, გაგიჟდა“, - ამბობს ოსინოვსკი და მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკამ სრულად შეცვალა წარმოდგენა იმ სამყაროზე, რომელიც მასზე ადრე იყო.

„ჩვენ ყოველ დილით ვიღვიძებთ, ვიღებთ ტელეფონს და ვფიქრობთ - კიდევ რა მოხდა? რა სიახლეებია ამერიკიდან? რადგან, სამწუხაროდ, სინამდვილეში, ეს იმდენად ძლიერ გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე, ევროკავშირზე, რომ დღეს ჩვენი მთავარი ნიუსმეიკერი ოკეანის გაღმა ცხოვრობს.

თუ ვისაუბრებთ აქტივებზე, ფულზე და ა.შ., რა თქმა უნდა, ახლა ფული აქტივად იქცა. როდის? - როდესაც საპროცენტო განაკვეთმა ზრდა დაიწყო“, - ამბობს ოსინოვსკი.

მისი შეფასებით, ტრამპის გავლენით ევროპა გამოფხიზლდა. „ჩვენ სიტუაცია შიგნიდან ვიცით. რაც შეეხება კითხვას, რა ხდება - ეს ტრამპის კარგი გავლენაა ევროპაზე. ჩვენ ყველანი გამოვფხიზლდით. ჩვენ გვეძინა იმ მომენტამდე, სანამ ტრამპი მოვიდა და თქვა: "სამყარო ახლა უკვე სხვაა", და გავარკვიეთ, რომ მსოფლიოს პირველი ეკონომიკა - ევროკავშირი, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური ჯუჯაა, რადგან მისი აზრი არავის აინტერესებს. დიახ, ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი, კიდევ რაღაც, მაგრამ, პრინციპში, არაფერი გვაქვს. ჩვენ დაზვერვაც კი არ გვაქვს, რომელსაც დღეს მთლიანად ამერიკელებისგან ვყიდულობთ. ამერიკელებს შეუძლიათ მისცენ ზელენსკის კოორდინატები, და შეუძლიათ არ მისცენ. ჩვენ კი თურმე ევროკავშირში, ის უბრალოდ არ გვაქვს. ჩვენ [ევროკავშირში] ყველანი გამოვფხიზლდით. ეს ძალიან პოზიტიურია, მე ძალიან მომწონს. დღეს გავაცნობიერეთ, რომ საბოლოოდ თავი დიად კავშირად უნდა ვიგრძნოთ. ეს ყველაფერში იგრძნობა - განწყობაში, მოტივაციაში, ბიზნესმენების ქცევაში, მთავრობების და ხალხის ქცევაში“, - აღნიშნავს ოლეგ ოსინოვსკი და დასძენს, რომ ეს გამოფხიზლება იგრძნობა მოცულობითი ინვესტიციების განხორციელებით სხვადასხვა სფეროში:

"გიგანტური ინვესტიციები თუნდაც, თავდაცვაში, იარაღის წარმოებაში და ყველაფერ დანარჩენში. ასეთი არასდროს ყოფილა. და ეს ხომ თავისთავად ყველაფერ დანარჩენსაც იყოლიებს - მეცნიერებას, კვლევებს, მრეწველობას, ტექნოლოგიებს... ანუ ეს გიგანტური შენატანებია თავდაცვის სფეროში, რომელიც თავისთავად ყველაფერ დანარჩენსაც ითრევს“, - განმარტავს ესტონელი ბიზნესმენი.

ოლეგ ოსინოვსკი აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მისი ბიზნესი ევროპის მიმართულებით ვითარდება, რადგან ჯგუფმა ბიზნესსაქმიანობის რუსეთიდან გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ წამოვედით რუსეთიდან, გავყიდეთ ყველა რუსული აქტივი და ჩვენი ცოდნით, რესურსებით და შესაძლებლობებით ევროპაში წავედით. დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ იქ ასობით ლოკომოტივი გვყავს და დიდი გადამზიდავები ვართ პოლონეთში, ჩვენ ვმუშაობთ, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში: გერმანიაში, პოლონეთში, ფინეთში, შვედეთში, ბალკანეთის ქვეყნებში და ასე შემდეგ. ჩვენთან დიახ, საკმაოდ კარგი ზრდაა. ამით ძალიან კმაყოფილები ვართ“, - ამბობს Skinest Group მმართველ პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები