საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი სანდრო ქევხიშვილი ამბობს, რომ ელიტური კორუფციის გაზომვა რთულია და საქართველოს სწორედ ამიტომ აქვს შედარებით კარგი მაჩვენებელი საერთაშორისო რეიტინგებში.
როგორც ის BMGTV-ის ეთერში განმარტავს, ამ ორგანიზაციებისთვის რთულია ელიტური კორუფციის ისეთი ფორმების გაზომვა, როგორიც მაგალითად სახელმწიფოს მიტაცებაა.
"წვრილმან მექრთამეობას მასიური სახე არ აქვს ჩვენთან და ძირითადად სწორედ ამის გამოა რომ საერთაშორისო ინდექსებში შედარებით ნორმალური ქულა გვინარჩუნდება. ეს ინდექსები რეალურად ამას ზომავს. კერძოდ, ისინი ზომავენ საჯარო სექტორში სახელმწიფო სერვისების მოქალაქეებისთვის მიწოდების პროცესში რამდენად არის კორუფცია. ეს შედარებით მარტივი გასაზომია. ჩვენს შემთხვევაში ჩვენმა ქვეყანამ მეტ-ნაკლებად დაამარცხა წვრილმანი კორუფცია 15-20 წლის წინანდელი რეფორმებით. თუმცა ახლა სხვა სიტუაცია გვაქვს, რეალურად კორუფციის ფორმებმა მიიღო უფრო კომპლექსური სახე და გვაქვს ნეპოტიზმი; გავლენებით ვაჭრობა. რეალურად ელიტური კორუფციის გაზომვა უფრო რთულია, რადგან ასე პირდაპირ არ ჩანს. ამიტომ სწორი და ხარისხიანი ინდიკატორების მოფიქრებაა საჭირო რომ შემდეგ ეს ციფრებით გაზომო", - ამბობს TI-ის წარმომადგენელი.